კავკასიის მკვიდრთა ყოფისა და ეროვნული ცნობიერების წარმომჩენი რეალიები გრიგოლ რობაქიძის „კავკასიურ ნოველებში“
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12187საკვანძო სიტყვები:
გრიგოლ რობაქიძე, ნოველა „იმამ შამილი“, ნოველა „ენგადი“ შამილი, ხევსურეთიანოტაცია
გრიგოლ რობაქიძის (1880-1962) ემიგრანტული პერიოდის შემოქმედებითი წარმატებები მნიშვნელოვანწილად აღმოჩნდა დაკავშირებული 1932 წელს გერმანიაში გერმანულ ენაზე გამოცემულ მის წიგნთან – „კავკასიური ნოველები“. ხსენებულ კრებულში წარმოდგენილი ნოველებისადმი გამოვლენილი განსაკუთრებული ინტერესის განმაპირობებელ ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად ის გარემოება იქცა, რომ მათში მაღალი სიტყვიერი ხელოვნებითაა წარმოსახული საქართველოს მთიანი რეგიონების – ფშავ-ხევსურეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრთა ყოფა-ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებული სპეციფიკური ეპიზოდები და საყოფაცხოვრებო თავისებურებანი.
ევროპელთა უდიდესი ნაწილისთვის არსებითად უცნობი და ეგზოტიკური წეს-ჩვეულებებით მკვეთრად განსხვავებული ამ სამყაროსადმი გამოვლენილი განსაკუთრებული ინტერესის არსებითად განმსაზღვრელ ფაქტორად ამ შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, მათთვის არსებითად უცნობი და რაინდული წეს-ჩვეულებებით აღბეჭდილი სწორედ ეს ადათ-ტრადიციები იქცა. აღნიშნულ ფაქტორებთან ერთად, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ნოველების მეშვეობით მწერალმა ის რაინდული თავგანწირვაც წარმოსახა ღრმად შთამბეჭდავი ფორმით, რითაც ხსენებული რეგიონების მკვიდრნი საუკუნეთა განმავლობაში თავგანწირვით იცავდნენ მათი ცნობიერების სისხლხორცეულ ნაწილად ქცეულ ეროვნულ, ეთნიკურ და ყოფით თვითმყოფადობას. ყოველივე ზემოთქმულის ნათელსაყოფად წინამდებარე ნარკვევში გაანალიზებულია ხსენებული ციკლის ორი ნოველა – „იმამ შამილი“ და „ენგადი“ (სიმბოლური გააზრებით – დაბრუნება საწყის წერტილთან). „იმამ შამილი“ გრიგოლ რობაქიძეს კავკასიელ ხალხთა ზეპირსიტყვიერებაში ფართოდ
გავრცელებულ რომანტიზებულ ტექსტებზე დაყრდნობით დაუწერია. მასში რომანტიკული ფორმითაა განდიდებული შამილისა და მისი თანამემამულეების თავგანწირული ბრძოლა რუსი კოლონიზატორების წინააღმდეგ. „კავკასიურ ნოველათა“ ციკლის მეორე ნიმუში კი ხევსურთა ეგზოტიკური ყოფისა და ადათ-ტრადიციების ამბავს მოგვითხრობს, რომანტიკულად ანაქრონულს ცივილიზებული სამყაროსთვის. ნოველის მთავარი გმირი გიორგი ვალუევი სამსახურეობრივი საქმის გამო ხევსურთა ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში მიემგზავრება, სადაც პირადად აღმოჩნდება უშუალო მონაწილე ამ რეგიონის მკვიდრთა უძველესი
ადათ-ტრადიციებისა. ამ თვალსაზრისით მის პიროვნულ ცნობიერებაზე ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ახალგაზრდა ქალთან განმარტოებით ყოფნამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისე, რომ მასთან ეროტიკული ურთიერთობისაგან მკაცრად უნდა შეეკავებინა თავი. გიორგიმ პირადად გამოსცადა თავის თავზე ამ უცნაური ქმედების მთელი სიმკაცრეცა და რომანტიკაც. „კავკასიური ნოველების“ განხილული ნიმუშების მეშვეობით გრიგოლ რობაქიძემ კიდევ უფრო მეტად განავრცო თავისი შემოქმედებითი სამყაროს არეალი და ახალი წახნაგებით წარმოაჩინა როგორც ხსენებული რეგიონების მკვიდრთა ადათ-ტრადიციები, ისე მათი აქტიური ბრძოლა ეროვნული თავისუფლების შესანარჩუნებლად.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
CC BY 4.0 Attribution 4.0 International Deed ლიცენზიით ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

