ფშავ-ხევსურთა მორალურ-ზნეობრივი მოვალეობები როგორც თემის სოციალური პასუხისმგებლობა

ავტორები

  • მზია ხოსიტაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12201

საკვანძო სიტყვები:

ფშავ-ხევსურთა თემი, მთის ხალხთა კულტურა, სოციალური პასუხისმგებლობა, ეთიკის პრინციპები, მორალურ-ზნეობრივი ვალდებულებები

ანოტაცია

მსოფლიოს ნებისმიერ კულტურაში მთიანი რეგიონის მოსახლეობას ცხოვრება მკაცრი პირობებისა და შეზღუდული ბუნებრივი რესურსების პირობებში უხდება. აქ ურთიერთდახმარება არა ქველმოქმედება, არამედ ფიზიკური გადარჩენის, სარგებელთან ნაკლებად დაკავშირებული, ადამიანის ზნეობრივი ვალდებულებებით ნაკარნახევი აქტია. სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის ამ კონტექსტიდან გამომდინარე ჩავთვალეთ მნიშვნელოვნად, გამოგვეკვლია ის წინაპირობები, ადამიანის მორალურ-ზნეობრივი ვალდებულებები, რაც შემდგომ საფუძვლად დაედო მეცენატობას, ქველმოქმედებას, სპონსორობას – ეთიკის პრონციპებზე დამყარებულ, თანამედროვე ბიზნეს საქმიანობაში დამკვიდრებულ, კეთილი  ნების გამომხატველ ღონისძიებებს.

ნაშრომში განვიხილავთ ფშავ-ხევსურთა თემს, როგორც სოციალურად შეკავშირებულ ადამიანთა ჯგუფს, სოფლის მოსახლეობას, რომლისთვისაც ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა მორალურ-ზნეობრივი ვალდებულებებით არის ნაკარნახევი და წარმოადგენს თემის სასიცოცხლო ფუნქციას. ფშავ-ხევსურთა ყოფაში დამკვიდრებული წეს-ჩვეულებები სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტშია წარმოდგენილი და მოიცავს ყველა მოთხოვნას, იქნება ეს სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ღონისძიებები, შრომითი და ადამიანის უფლებები, წახალისებისა და ჯილდოს ფორმები, ურთიერთთანადგომა ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე ჭირსა და ლხინში  და ა.შ.

ქართველ მეცნიერთა – გ. თედორაძის, რ. თოფჩიშვილის, ა. ოჩიაურის, მ. კეკელიას, ს. მაკალათიას, დ. გოგოჭურის, ბ. გძელიძის, დ. გიორგაძის და გ. ჩიტაიას, მ. მაკალათიას გ. არაბულის კვლევებზე დაყრდნობით, ექსპედიციების დროს მოპოვებული ეთნოგრაფიული ჩანაწერების საფუძველსა და სხვა მასალების შესწავლით განვიხილავთ ფშავ-ხევსურთა თემში დამკვიდრებული სიღარიბის დაძლევისკენ მიმართულ ურთიერთადხმარების ფორმებს: ხევსურულ „ონჩხარს“, თითქმის მსგავს ფშავურ „ოჩხარს“; მიწაზე მუშაობის უფლების გადაცემას ხიზნებისთვის; სტუმარ-მასპინძლობის ადათ-წესებს; მრავალჯერად შრომით საქმიანობასთან დაკავშირებულ დახმარების ფორმებს. მოყვანილია მორალური თანადგომის მაგალითები როგორც თანასოფლელის გარდაცვალების, ასევე დაკრძალვის შემდგომ რიტუალებში მონაწილეობის შემთხვევებში; სოციალური ურთიერთობების განმტკიცებისკენ მიმართული „მეკოდეობა“, მიცვალებულთა ურთიერთდახმარების ტრადიცია მეზობელი თემისა თუ სოფლისათვის; აგრეთვე საქორწილო რიტუალისთვის საჭირო ხარჯებში თანამონაწილეობა. ადამიანის უფლებების კონტექსტში აღწერილია ხევსურთა შემწყნარებლობა მოწინაღმდეგის ან ტყვეს მიმართ, პატივისცემა განსხვავებული აღმსარებლობისადმი „კაცის კაცობის“ კანონებით. ეს თვალსაზრისი განმტკიცებულია არაქართული ეთნიკური წარმომავლობის მეზობლების გადამეტებულ ხოცვაზე სასჯელის დადების წესით. გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას რაც შეეხება, კარგი ყმის სახელს ასევე ვერავინ მოიხვეჭდა ნადირისა და ფრინველის აუცილებელ საჭიროებაზე მეტის დახოცვა-მოპოვებით.

სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებით გათვალისწინებული შემწეობის გაცემის ნიმუშად მოყვანილია თემისა და ხატის მსახურთაგან დაწესებული ჯილდოები: საკარგყმო, სალოცავი, პატივი, საგვარმეტო და სხვა. აღნიშნულია, რომ საკარგყმო გვარს გმირის სიკვდილის შემდეგაც ეძლეოდა.

ავტორი ფშავ-ხევსურთა თემის სოციალური პასუხისმგებლობის ფორმების კვლევის საფუძველზე განამტკიცებს მოსაზრებას, რომ თანამედროვე მოგების მომტანი ორგანიზაციები გვევლინებიან ერთგვარ კორპორაციულ მოქალაქეებად, თავისი უფლებებითა და მოვალეობებით, და მათი საზოგადოების მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის ვალდებულება სათავეს იღებს საერთო ინტერესების მქონე ადამიანების ყოფაში დამკვიდრებული მორალურ-ზნეობრივი პრინციპებიდან და წინაპართა გამოცდილებიდან მდებარეობს ე.წ. ტბა.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-09-18

ციტირების წესი

ხოსიტაშვილი მ. (2025). ფშავ-ხევსურთა მორალურ-ზნეობრივი მოვალეობები როგორც თემის სოციალური პასუხისმგებლობა. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული, 17, 318–329. https://doi.org/10.61491/yk.17.2025.12201

გამოცემა

სექცია

სტატიები