საუკუნე-ნახევრის ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8026საკვანძო სიტყვები:
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა, ანტონ ლორთქიფანიძე, საბიბლიოთეკო პროექტები, საბიბლიოთეკო ელექტრო- ნული რესურსებიანოტაცია
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი წიგნსაცავია. იგი ფლობს მილიონზე მეტ საბიბლიოთეკო დოკუმენტს: წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, CD-DVD კოლექციებს. ფონდში დაცულია როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი ლიტერატურა. ბიბლიოთეკის სიმდიდრეა უნიკალური და იშვიათი გამოცემები, რაც ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს.
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა 1873 წელს დააარსა ანტონ ლორთქიფანიძემ. წელს ბიბლიოთეკა საუკუნე-ნახევრის გახდა.
გახსნის პირველი დღეებიდანვე ბიბლიოთეკა იქცა ქუთაისის მოაზროვნე საზოგადოების თავშესაყარ ადგილად. მან თითქმის 20 წელი იარსება, ხოლო 1893 წელს, როცა ქალაქის მმართველობამ გადაწყვიტა ქალაქში საზოგადო საჯარო ბიბლიოთეკა დაეარსებინა, ანტონ ლორთქიფანიძემ, ყოველგვარი საფასურის გარეშე, საკუთარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გადასცა ქალაქის გამგეობას, რითაც ფაქტობრივად საძირკველი ჩაუყარა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას.
1930 წელს ბიბლიოთეკას ქუთაისის სახელმწიფო საჯარო ბიბლი-ოთეკა ეწოდა და მის პირველ დირექტორად კოსტა თავბერიძე დაინიშნა.
შენობა, რომელშიც დღეს ბიბლიოთეკა არის განთავსებული, მას 1934 წელს გადაეცა. თავდაპირველად ეს შენობა კომერსანტ გიორგი სტეფანეს ძე აკოფოვის საცხოვრებელი სახლი იყო.
1914-1915 წლებში შენობას, ინჟინერ ე. ფრიკეს პროექტით, დაამატეს მესამე სართული და ასეთივე სახე აქვს დღესაც.
1957 წელს ქუთაისის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკას დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – ილია ჭავჭავაძის სახელი მიეკუთვნა.
1974 წელს ქუთაისში, საჯარო ბიბლიოთეკის ბაზაზე, განხორციელდა ქალაქის ბიბლიოთეკების ცენტრალიზაცია. დღემდე ყველა საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკა სტრუქტურულად ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას ექვემდებარება.
ამრიგად, დღეისთვის ქუთაისში მოქმედებს ქალაქის თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა 12 ფილიალით: 10 საქალაქო და 2 საბავშვო, ასევე, ბიბლიოთეკასთან არსებობს ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურული სახლი და ამერიკული კუთხე, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით დაფუძნდა 2012 წელს. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა არის სამხარეო-საკოორდინაციო მეთოდური ცენტრი; ამდენად, იგი უფლებამოსილი და ვალდებულია, მეთოდური დახმარება გაუწიოს იმერეთის რეგიონისა და ქალაქის ყველა უწყებისა და ტიპის ბიბლიოთეკას. ამჟამად ბიბლიოთეკაში 17 განყოფილება მოქმედებს.
ბიბლიოთეკა ემსახურება მკითხველთა ყველა კატეგორიას. სამეცნიერო მუშაობა წარმოადგენს ბიბლიოთეკის საქმიანობის მთავარ პრიორიტეტს.
2009 წლიდან ბიბლიოთეკაში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები:
• ყოველწლიურად ტარდება ქართველოლოგიური და ბიბლიოთეკამცოდნეობითი მიმართულების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. მოხსენებები (დასწრებული და დაუსწრებელი მონაწილეებისა) იბეჭდება ბიბლიოთეკის სამეცნიერო ჟურნალ „წელიწდეულში“. უკვე გამოცემულია „წელიწდეულის“ 14 ტომი. ჟურნალს აქვს ვებგვერდი: https://yearbook.openjournals.ge /index.php/kly; ელვერსია განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა ივერიელში: https://dspace.nplg.gov.ge/Weliwdeuli;
• მუშავდება და გამოიცემა იმერეთის მხარის პერიოდული გამოცემების ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიათა კრებულები.
გარდა ამისა, ბიბლიოთეკაში დაფუძნებულია სამი საავტორო კონკურსი:
• 2013 წელი – საერთაშორისო ფოტოკონკურსი „წიგნი ობიექტივიდან“ (მე-13 საქალაქო ბიბლიოთეკა);
• 2015 წელი – ლიტერატურული კონკურსი „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი“;
• 2022 წელი – კალიგრაფიის კონკურსი;
• 2022 წელი – დაფუძნდა ჟურნალი „თეთრი ხიდი“. დღეისათვის გამოცემულია 4 ნომერი.
ფონდებისა და თავად ბიბლიოთეკის სიძველის მიუხედავად, დღეს თანამედროვე ბიბლიოთეკაზე საუბარი შეუძლებელია ელექტრონული რესურსების გარეშე. ამიტომ ბიბლიოთეკა გამუდმებით ცდილობს, გამოიყენოს ყველა საშუალება ელექტრონული რესურსების განვითარებისთვის. ამისათვის იგი არა მხოლოდ იძენს ელექტრონულ საინფორმაციო ბაზებს, არამედ თვითონაც ქმნის. წელს დასრულდა ქართული წიგნადი ფონდის ელექტრონული კატალოგიზაციის პროცესი (http://opacqutaisi.gela.org.ge/). ბიბლიოთეკათა ნაწილი უკვე შეუდგა უცხოენოვანი წიგნადი ფონდის ელკატალოგიზაციას. ბიბლიოთეკა 2015 წლიდან ჩართულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტში „ციფრული ფოტომატიანე“ (https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/104502). პროექტის მიზანია, გააცოცხლოს იმერეთის რეგიონის, ჩვენი ქალაქის ისტორია; აღმოაჩინოს და შეაგროვოს ოჯახებში დაცული, საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ფოტოკოლექციების ციფრული ვერსიები. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა წელს შეუდგა ციფრული ბიბლიოთეკა „უქიმერიონის“ შექმნას. მიმდინარეობს ბიბლიოთეკის როგორც წიგნადი ფონდის, ასევე პერიოდული გამოცემების ელვერსიების შექმნა და მათი განთავსება ზემოაღნიშნულ ციფრულ ბაზაში.
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა არის ქუთაისელი საზოგადოების საყვარელი თავშესაყრელი ადგილი. წლიდან წლამდე აქ უამრავი ღონისძიება იმართება: წიგნის წარდგინებები, კონფერენციები, საჯარო ლექციები, პოეზიის საღამოები, კონკურსები, დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე, შემოქმედებითი საღამოები, იუბილეები, შეხვედრები და სხვა.
ბიბლიოთეკა სამართლიანად ამაყობს უნიკალური და იშვიათი გამოცემების ფონდით. მათ შორის აღსანიშნავია: 1498 წელს გამოცემული ინკუნაბულა – დომიციუს კალდერონის „მარციალისის ორიოდე კომენტარისათვის“; დიონისე ლამბინის „ჰორაციუსი“ (1595); „სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა“ (1828) და სხვა მრავალი.
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა დეპოზიტარული, გაცვლითი ფონდის საშუალებით ეხმარება საქართველოს სხვადასხვა ტიპისა და უწყების ბიბლიოთეკას წიგნადი ფონდების გაძლიერებაში, ასევე, რეგიონებს სასოფლო ბიბლიოთეკების დაფუძნებაში.
ბიბლიოთეკა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და საქართველოს ბიბლიოთეკების კონსორციუმის წევრია.