გაბრიელ ეპისკოპოსის წერილები გრიგოლ დადიანთან
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8027საკვანძო სიტყვები:
იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის მოღვაწეობა, გაბრიელ ეპისკოპოსისა და გრიგოლ დადიანის ურთიერთობა, მიმოწერაანოტაცია
მღვდელმთავარმა გაბრიელმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა XIX საუკუნის ქართული საზოგადოების სულიერი ცხოვრების განვითარებასა და განმტკიცებაში.
გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას არაერთი მონოგრაფია თუ სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა. წარმოდგენილ სტატიაში განვიხილავთ დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საფონდო-საარქივო მასალას, რომელიც იმერეთის ეპისკოპოსისა და გრიგოლ დადიანის ურთიერთობის ისტორიაა.
ეპისკოპოს გაბრელის სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა პერიოდს, როდესაც ქართველი ერის სასიცოცხლო ენერგია გაცრეცის გზაზე იდგა. ვგულისხმობთ ისტორიულ სიტუაციას, რომელსაც ადგილი ჰქონდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში კერძოდ, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და მზაკვრულ გეგმებს, რომელიც ქართველ ერს გადაგვარებას უქადდა.
მღვდლის ოჯახში გაზრდილი გაბრიელის შინაგანი სამყარო გაცისკროვნებულია ღვთისა და სამშობლოს უპირობო სიყვარულით. ამ ენერგიით დატვირთული ეპისკოპოსი იბრძოდა ყოველგვარი უმსგავსოების წინააღმდეგ იბრძოდა..
მნიშვნელოვანია მღვდელმთავარ გაბრიელის კეთილგანწყობილი ურთიერთობა სამეგრელოს მთავარ დავით დადიანის ძმასთან – გრიგოლ დადიანთან. დადიანების მუზეუმის ფონდსაცავში დაცული წერილები მეტად საყურადღებოა, რადგანაც ამ მიმოწერაში ნათლად იკვეთება გრიგოლის განათლება და წიგნიერება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ეპისკოპოსი გაბრიელი ანგარიშს უწევდა გრიგოლის აზრს, რომელსაც თვალსაჩინო ადგილი ეკავა XIX საუკუნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის გახლდათ პოეტი (ცნობილია ფსევდონიმით „კოლხიდელი“, „გეგეჭკორი“), მთარგმნელი, მეცენატი ქართული კულტურისა.
ეპისკოპოსი მტკიცედ იცავდა ქართულ ენას, რადგანაც მას ბრწყინვალედ ჰქონდა გასიგრძეგანებული, რომ ერის თვითმყოფადობა ენაშია განივთებული, მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად. ესაა ბრძოლის იარაღი, ამიტომაც გაბრიელ ეპისკოპოსი მთელი არსებით იცავდა ქართულ ენას, რომელიც ქართველობის უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენდა. ერის თვითმყოფადობისთვის მშობლიურ ენაზე მოაზრონე ადამიანი არის ქვაკუთხედი და ამავდროულად ის ნოყიერი ნიადაგი, რომელზედაც დგას ერი.
ამდენად, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელისა და სამეგრელოს თავად გრიგოლ დადიანის მიმოწერა დასტურია იმ ურთიერთობის ისტორიისა, რომელსაც მოცემულ ისტორიულ პერიოდში ჰქონდა ადგილი. წერილები მრავალმხრივ საინტერესოა, რადგანაც აქედან მოედინება მწიგნობრობისა და განათლების პატივისცემა, თავმდაბლობა, სიყვარული, ურთიერთობათა სიფაქიზე და მოწიწება, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია.