ორი ლექსი აკაკი წერეთლის პოეზიაში („იმერული ნანინა“, „იმერული სიმღერა“)
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8029საკვანძო სიტყვები:
XX საუკუნის ქართული პოეზია, აკაკი წერეთლის ლექსები: „იმერული ნანინა“, „იმერული სიმღერა“ანოტაცია
ნაშრომში წარმოჩენილია აკაკი წერეთლის შეხედულებები განსხვავებული საკითხების გააზრების ჭრილში. კვლევის მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მწერლის მსოფლმხედველობა ნაჩვენები იყოს არა მარტო თავისი თანადროული, არამედ დღევანდელი ეროვნული და გლობალური ეპოქის გადასახედიდან და ამ კონტექსტით წარმოჩნდეს მის ლექსებში ასახული პრობლემების ღირებულება და მნიშვნელობა.
აკაკი წერეთლის შემოქმედება გამოირჩევა არა მარტო ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, არამედ თემატიკის თვალსაზრისითაც. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის გადასახედიდან მისი სულიერი თვალის მიღმა არ დარჩენილა არც ერთი საკითხი, რომელიც ქვეყნისა და ერის ტკივილად იყო გადაქცეული. პოეტმა ყოველი პრობლემის შესახებ თავისი საყურადღებო ანალიზი მიაწოდა ქართველ საზოგადოებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს საკითხები დღევანდელობასაც სწვდება და არანაკლებ ყურადღებასა და განხილვას საჭიროებს.
აკაკი წერეთლის ლექსი „იმერული ნანინა“ ერთ დრო-სივრცეში აქცევს აწმყოს, წარსულსა და მომავალს, ნათლად ასახავს იმ სულისკვეთებას, რაც იყო წარსულში, აწმყოში რომ ისევ ის საფუძვლები ჩანს და მომავალში უკეთესი ცხოვრება უნდა დაისახოს. აღნიშნულ ლექსში რამდენიმე პრობლემის (პიროვნული თავისუფლების ძიება, სოციალური თანასწორობა, საყოველთაო განათლება...) წინ წამოწევით, რასაკვირველია, ემსახურება ქვეყნის უკეთესი მომავლის დასახვას, რადგან ეს არის ის მთავარი საფუძვლები, რაზე დაყრდნობითაც შენდება სამშობლოს, ერის მომავალი, რომელიც აკაკის მუდმივ ტკივილადაა გადაქცეული არა მარტო მატერიალური, არამედ სულიერი თვალსაზრისითაც, რამეთუ განცალკევებულად და გახლეჩილად ქვეყნის მომავალი უპერსპექტივოა.
აკაკი წერეთლის ლექსში „იმერული ნანინა“ ქართველი ქალის, მისი სახით კი სამშობლოს ხატებაა გადმოცემული. დედა-მშობელი, დედა-სამშობლო მომავალი თაობის გამჩენი, მისი მზრდელი და მკვებავია, რომელმაც ყოველ თაობას უკეთესი მომავალი ცხოვრების გზა უნდა უჩვენოს და დააყენოს მასზე. ამ მისიის აღსრულებაში ქალს, დედას მარიამ ღვთისმშობელი შეეწევა და ეხმარება, მისი ღვთაებრივი კალთის ძალით დაფარული და გაძლიერებული, დედასამშობლო შობს და გამოზრდის
ახალ თაობას, ისევ დედისა და დედასამშობლოს საკეთილდღეოდ;
ზემოთ აღნიშნული დიდი სოციალური საკითხის გვერდით, ლექსში „იმერული ნანინა“ განუყოფლად მოიაზრება პიროვნების თავისუფლების პრობლემა, რომლის განხორციელების გარეშე სამყაროს წესრიგის აღსრულება ვერ ხერხდება. აკაკი წერეთლის ეპოქის გადასახედიდან და დღევანდელი გლობალური სამყაროს თვალთახედვითაც, პიროვნების თავისუფლების მოპოვებას თუ დამყარებას ბატონი არ სჭირდება, ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი და მის ნებას, უფლებრივ მდგომარეობას მარწუხები კი არა, არამედ ღვთის გზაზე სიკეთით დგომა განსაზღვრავს.
აკაკი წერეთლის ლექსის „იმერული ნანინას“ სათქმელი, გარკვეულწილად, გრძელდება პოეტის მეორე ლექსში „იმერული სიმღერა“ (დაწერილია 1876 წელს), რომელშიც ავტორი გამოხატავს არა მარტო ამ კუთხისთვის ნიშანდობლივ სულისკვეთებას, არამედ ზოგადქართულ ეროვნულ სულს აქსოვს, რომელიც ერთად იტევს: სიყვარულს, სევდას, ტკივილს, იმედგაცრუებას, იმედს... აკაკი წერეთლის შემოქმედებას თუ კარგად ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ მისი ნააზრევისთვის დამახასიათებელია იმედი და უიმედობა, ღრმა სიყვარულიც და მისი ნაკლებობაც, დაფასების გრძნობა და დაუფასებლობა... ეს პრობლემები მუდამ აწუხებდა მას და ამიტომაცაა ამ სულისკვეთებით გაჯერებული მისი შემოქმედება.