მწერლის „ფიქრით ნახატი“ იმერეთი (დავით კლდიაშვილის შემოქმედების მიხედვით)

ავტორები

  • თამარ გოგოლაძე Gori State University

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8032

საკვანძო სიტყვები:

დავით კლდიაშვილის შემოქმედება, იმერეთი და იმერიზმები მხატვრულ ტექსტში

ანოტაცია

დავით კლდიაშვილის (1862-1931) ცხოვრება და შემოქმედება იმერეთს, საქართველოს ამ მშვენიერ კუთხეს, უკავშირდება. სტატიის მიზანია, წარმოაჩინოს, როგორ ასახა იმერეთი დავით კლდიაშვილმა თავის შემოქმედებაში, ასევე, როგორ განიხილავს გრიგოლ რობაქიძე დავით კლდიაშვილის ნააზრევს.

საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალურობა ჰარმონიულად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და, რაღა თქმა უნდა, საერთო ქართულთან. საკითხი, როგორია იმერეთი თავისი ორიგინალობით, ქართულ ლიტერატურაში ძირითადად XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან იკვეთება. დავით კლდიაშვილი, თვით წარმოშობით იმერელი მწერალი, შემოქმედი, ამას აფიქსირებს როგორც თავის მხატვრულ ტექსტებში, ისე მემუარ-მოგონებებში. სტატიაში ნაჩვენებია დავით კლდიაშვილის შემოქმედებაში გარდასახული პორტრეტი იმერული ხასიათებისა. ასევე ამ კუთხეში დაბადებული მწერალი და ლიტერატურათმცოდნე გრიგოლ რობაქიძე თავის ნარკვევში – „დავით კლდიაშვილი“ აღნიშნავს, რომ, მიუხედავად მწერლის მკაცრი რეალისტური მანერისა, მის მიერ შექმნილი სახეები მაინც ატარებენ მეტ-ნაკლებად განსხვავებულ იერს. თუ დავით კლდიაშვილი თავის ახლობლებს, ნათესავ-მეგობრებს ახასიათებს და მათ განწყობას აკვირდება („ჩემი ცხოვრების გზაზე“), გრ. რობაქიძე მწერალსა და მის შემოქმედებას აკვირდება, აანალიზებს და ასე ხსნის დავით კლდიაშვილის იმერულ ფენომენს. გრ. რობაქიძე თავისი ნარკვევის მეორე ქვეთავში დასკვნის სახით განმარტავს: „უცნაურობით რომ დაფასდეს რომელიმე მხარე, პირველ ჯილდოს იმერეთი მიიღებდაო უთუოდ“ (გრ. რობაქიძე). ამით იგი ერთგვარად ხაზს უსვამს იმ განუმეორებლობას, რაც ამ კუთხეს და მის მცხოვრებთ ახასიათებთ. განუმეორებლობას იგი ხედავს ბუნებაშიც, ცხოველებშიც, მაგრამ განსაკუთრებულად ადამიანებში, რაც დავით კლდიაშვილმა, ერთი შეხედვით, მარტივად, სადად, იუმორით (ცრემლნარევი იუმორით) წარმოსახა თავის შემოქმედებაში იმდროინდელი საქართველოს სოციალური სიდუხჭირის ფონზე.

სტატიაში წარმოჩენილია ამ ორი მწერლის ფიქრიანი მიდგომის განუმეორებლობა, რაც ერთ საგანს – მშობლიურ კუთხეს უკავშირდება და ერთგვარ გასაღებს წარმოადგენს იმერეთის ხასიათის გახსნის თვალსაზრისით.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები