ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტები საქართველოში

ავტორები

  • ლალი გოჩიტაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • თორნიკე დვალი თიბისი ბანკი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8033

საკვანძო სიტყვები:

ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტები, ნიკო ნიკოლაძის პროექტები საქართველოში, გიორგი ნიკოლაძის ღვაწლი

ანოტაცია

ნიკო ნიკოლაძისა და მისი ვაჟის – გიორგი ნიკოლაძის სახელები ღირსეულ ადგილს იკავებენ ჩვენი სახელოვანი წინაპრების გვერდით. მამა-შვილის ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების ოჯახისნაირი მრავალმხრივ ნიჭიერი, პატრიოტი, საქმიანი და სანიმუშო ოჯახი ძნელად მოიძებნება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოშიც კი. გენიოსი მამის არანაკლებ ნიჭიერმა შვილებმა ღირსეულად გააგრძელეს და განახორციელეს მამის დაწყებული ჩანაფიქრები და ბევრი ახალიც შემატეს სამშობლოსა და ქართულ საქმეს. ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, მართლაც, ევროპული მასშტაბის მოაზროვნე და დიდად საქმიანი ადამიანები იყვნენ, მათ ევროპიდან საქართველოში ახალი ტექნოლოგიები შემოჰქონდათ და სამშობლოში ნერგავდნენ. ამასთანავე, აღსანიშნავია მათი პატრიოტული დამოკიდებულება ყოველი წამოწყებისადმი; ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები ბევრს მოგზაურობდნენ, სწავლობდნენ
სხვადასხვა ქვეყნის სიახლეებსა და მიღწევებს და ეს ცოდნა საქართველოში ჩამოჰქონდათ, ქართულ რეალობას უსადაგებდნენ, შემდეგ მოსახლეობაში ავრცელებდნენ და ამგვარად ქვეყნის საკეთილდღეოდ იყენებდნენ. დიდია მათი ღვაწლი როგორც მეცნიერების, ისე ტექნიკურ, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის, მეტალურგიის, რკინიგზის, სატრანსპორტო თუ საბანკო საქმის, ქვეყნის ელექტროფიკაციის, საგანმანათლებლო, სპორტის სხვადასხვა სახეობის შემოტანისა და დანერგვის, მათემატიკური თუ სპორტული ქართული ტერმინოლოგიის შექმნის, პირველი გამომთვლელი მანქანის მოდელირებისა და კიდევ მრავალი იდეის განხორციელების საქმეში. ქვეყნისთვის სასიკეთოდ მათი ნაღვაწის ზუსტი ჩამოთვლა ნამდვილად შეუძლებელია, მაგრამ ერთი კი ხაზგასმით არის აღსანიშნავი – ნიკო და გიორგი ნიკოლაძეებს უზომოდ უყვარდათ სამშობლო, საკუთარ ნიჭსა და ენერგიას სამშობლოს საკეთილდღეოდ იყენებდნენ. დიდ ჯიხაიშში, დღეს უკვე ნიკოლაძეების სახლ-მუზეუმად წარმოდგენილ მათ მამულში, არსებული ნიკოლაძეების სახლ-კარი და ეზო-მიდამო არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა სოფელში ევროპულად.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ საჭიროა და მომავალი თაობისთვის მეტად სასარგებლო იქნება ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების, როგორც განსაკუთრებული და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, ნოვატორული იდეებით სავსე და უაღრესად პატრიოტი ქართველების მემკვიდრეობის უფრო ღრმად შესწავლა, მათი ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობა და გავრცელება, მათი განხორციელებული საქმეების პოპულარიზაცია და ამ ყველაფრის ქვეყნის სამსახურში ჩაყენება საქართველოს ევროპული მომავლის ასაშენებლად.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები