ანთროპონიმები ქვემოიმერულში (ოკრიბული მეტყველების მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8034საკვანძო სიტყვები:
იმერული დიალექტი, ოკრიბული მეტყველება, ანთროპონიმთა წარმოებაანოტაცია
წარმოდგენილ სტატიაში განხილულია ანთროპონიმთა ფორმა- წარმოებისა და სიტყვაწარმოების თავისებურებები ქვემოიმერულში, კერძოდ, ოკრიბულ მეტყველებაში. საანალიზოდ აღებულია აწსუ-ს პროფ. ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო- კვლევით ცენტრში დაცული დიალექტური მასალა, რომელიც ჩაწერილია XX საუკუნის 90-იან წლებში ოკრიბის თემის სოფლებში (ორპირი, კურსები, ჭყეპი).
1. ოკრიბულ მეტყველებაში თანხმოვანფუძიანი საკუთარი სახელები ძირითადად ი- ხმოვანფუძიან სახელთა მსგავსად იწარმოება: ტარასი-მ, ჯიმშერი-მ, ნოდარი-ს, ემზარი-ს... წოდებით ბრუნვაში გვხვდება როგორც ი დაბოლოებით (გრამიტონი, ეთერი), ასევე შეიძლება დაირთოს -ო ფორმანტი: გრამიტონო, ეთერო...
შედარებით იშვიათად დასტურდება საპირისპირო ტენდენცია, როდესაც ი-ხმოვანფუძიანი სახელები თანხმოვანფუძიანთა მსგავსად იწარმოება; შელოცვის ტექსტებში შეგვხვდა წმინდა გიორგო!
ორივე ტენდენცია ქართულის ნიადაგზე არის აღმოცენებული და ენის (დიალექტის) შინაგანვითარების კანონის ნიმუშს წარმოადგენს (კ. კუბლაშვილი).
თავისებურებას გვიჩვენებს ა-ხმოვანფუძიანი პირის სახელები, რომლებიც ე დაბოლოებით არის წარმოდგენილი: ჟულიეტე, ნათელე.
2. ანთროპონიმები გაფორმებულია სიტყვამაწარმოებელი აფიქსებით.
-ა: გრამიტონა, რაჟდენა... ციურია, დომენტია. ბოლოკიდური -ა > -ე: ტრიფონე, ტარიელე.
-ია: თენგიზია, რაჟდენია... შოთაია, კაკოია. -ია > -იე (ნაწილობრივი ასიმილაცია): კიკილიე, დათოიე. იშვიათად -ია > -იი (სრული ასიმილაცია): ლაშიის ამბავი.
-იკ-ო: ვალიკო, დათიკო; -იკ-ა / -უკ-ა: ივანიკა, ბერუკა; -უნ-ა: დათუნა; -ელ-ა / -ილ-ე (<-ილ-ა): კაციელა. კოსტაილე; -ილ-ო: კიკილო, ბაბილო; -ოულ: შოთოული; -უც-ა: გოგუცა, ცუცა.
3. საინტერესოა ზოგი საკუთარი სახელის ფონეტიკური ცვლილება: ნოე > ნო-ვ-ე (ვ ბგერის განვითარება), იესო > იოსე (მეტათეზისი), მარგარიტა < მარგალიტა (დისიმილაცია).
4. ოკრიბელთა მეტყველებაში საკმაო რაოდენობით გამოიყენება რუსული წარმომავლობისა თუ გაფორმების საკუთარი სახელები: სონიჩკა, ანიჩკა, ალიოშა, შურა, ჟორა...
5. ოკრიბულ ტექსტებში შეგვხვდა განსხვავებული სახელები, მეტსახელები: ალიმი, აპოლი, ბულული, ბუჯგი, მასტრედია, მირონია...
ოკრიბულ მეტყველებაში ანთროპონიმთა ცვლილების ძირითადი ტენდენციები საერთოქართულია. განსხვავება უმთავრესად ცალკეულ სახელებთან გამოვლინდა და ზოგად წესებს შეესაბამება.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
CC BY 4.0 Attribution 4.0 International Deed ლიცენზიით ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

