ინტერფერენციის საკითხები იმერეთში მცხოვრებ დევნილთა მეტყველების მიხედვით
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8045საკვანძო სიტყვები:
იმერეთში მცხოვრებ დევნილთა მეტყველება, აფხაზეთიდან დევნილთა ენობრივი ინტერფერენცია, დიალექტური ლექსიკაანოტაცია
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მეტყველებამ ოცდაათი წლის განმავლობაში ცვლილებები განიცადა. ჩვენი კვლევის საგანს სწორედ ინტერფერენციის საკითხების შესწავლა წარმოადგენს. აფხაზეთიდან დევნილთა მეტყველების თავისებურებათა დაფიქსირება, აღნუსხვა- ანალიზი ასეთი მასშტაბით ჯერ არ ჩატარებულა. კვლევები ხორციელდება საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც დევნილთა მეტი რაოდენობაა კომპაქტურად ჩასახლებული. ამჯერად იმერეთში, კერძოდ, წყალტუბოში მცხოვრებ დევნილთა მეტყველების თავისებურებებზე შევაჩერეთ ყურადღება.
აღსანიშნავია, რომ წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა უმრავლესობა თავის დროზე ლეჩხუმიდან იყვნენ გადასახლებულები, ამიტომაც მათ, ბუნებრივია, თან მოჰყვა ლეჩხუმური კილოსთვის დამახასიათებელი სამეტყველო თავისებურებები.
აფხაზეთის ლეჩხუმელთა მეტყველებაში უხვადაა წარმოდგენილი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დარგობრივი ლექსიკის დიალექტური ნაირსახეობანი. გამოიყოფა არქაული ფენაც (დიალექტიზმებად გააზრებული), ეთნოგრაფიული თავისებურებების ამსახველი ლექსიკა, რუსული ენის ზეგავლენით დამკვიდრებული ფორმები, ზანიზმები. ეს ყველაფერი კი მეტად საინტერესო სურათს იძლევა. რა თქმა უნდა, მოსახლეობამ ლეჩხუმური დიალექტი შეინარჩუნა, ასევე, შეისისხლხორცა აფხაზეთში მცხოვრებ ქართველთა მეტყველებისათვის დამახასიათებელი ნიუანსებიც; დევნილობისას კი ამას დაემატა თავისებურებები, რომლებიც გაჩნდა იმერულთან ურთიერთობისას.
ინტერფერენციულობით ხასიათდება აფხაზეთიდან დევნილ სვანთა მეტყველებაც, რომელზეც დაკვირვებამ ცხადყო, რომ ერგატივს აქ ისევე, როგორც ენგურის ხეობის სვანურში, ახასიათებს როგორც ოდენ საკუთრივ მოთხრობითი ბრუნვის ფორმანტებით წარმოება, ასევე ორ- და სამფუძიანობაც კი.
აფხაზეთიდან დევნილთა მეტყველების აღნუსხვა და ენათმეცნიერული კვლევა აქტუალურია სახელმწიფოებრივად, ფასეულია ლინგვისტურად, საინტერესოა მეცნიერული (ქართველოლოგიური) ასპექტით. აღსანიშნავია, რომ ჩაწერილი ტექსტები შეიცავს ენობრივი ანალიზისათვის მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას. ზოგიერთი ფორმა არ დასტურდება ძირ დიალექტში. ტექსტების შეკრება და ყველა იმ ცვლილების აღნუსხვა, რაც დიალექტში დროის გარკვეულ მონაკვეთში გაჩნდება, შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს დიალექტის ცვლილებების შინაგანი ტენდენციები.
გაირკვა, რომ აფხაზეთიდან დევნილთა მეტყველებაში ერთმანეთს ერწყმის სხვადასხვა ენობრივ-დიალექტური მოვლენა, რაც მეტყველებას ინტერფერენციული იერსახის მატარებელს ხდის. განსხვავებული ენობრივ- დიალექტური კოდისათვის დამახასიათებელი ნიშნების ზედდება ანუ ინტერფერენცია – ერთი რომელიმე ენის ან დიალექტის მეორეზე ნებისმიერი ზემოქმედება ხშირად არაკონტროლირებადი პროცესია. რა თქმა უნდა, აქტიურად გამოყენებული ენა თუ დიალექტი უფრო ადვილად მოქმედებს მეორეზე.
ემპირიული ენობრივი (დიალექტური) მასალის ანალიზის საფუძველზე პუბლიკაციაში მეტ-ნაკლები სრულყოფილებით არის წარმოდგენილი კვლევის შედეგები და პასუხები შემდეგ კითხვებზე:
- რა განაპირობებს ინტერფერენციულ ცვლილებებს, რა ფაქტორები იწვევს პროცესს;
- როგორია ინტერფერენციის მასშტაბები;
- რა გზით, როგორი ფორმით მკვიდრდება დევნილთა მეტყველებაში ლექსიკური და გრამატიკული ნასესხობები;
- როგორია ინტერფერენციული თუ სხვა ტიპის ენობრივი ცვლილებების დინამიკა.