კოტე მარჯანიშვილის პირველი საბავშვო ოპერა ქუთაისში
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8055საკვანძო სიტყვები:
ქართული თეატრის ისტორია, კოტე მარჯანიშვილის შემოქმედება, პირველი საბავშვო ოპერა ქუთაისშიანოტაცია
ეს მოვლენა ნაკლებადაა ცნობილი ქართული თეატრის ისტორიაში და თვით ქუთაისშიც კი. ნაშრომი პირველად იკვლევს ქუთაისში დიდი ქართველი რეჟისორის – კოტე მარჯანიშვილის მიერ საქართველოში პირველად დადგმულ საბავშვო ოპერას. სტატია აგებულია სპექტაკლის მონაწილეთა (ქ. ბოკერია, ლ. გეგეჭკორი, კ. სირბილაძე, ფარქოსაძე, აკ. შანიძე, ნ. შვანგირაძე,) მოგონებებზე. ამ დადგმამ დიდი გავლენა მოახდინა ბავშვთა მუსიკალური აღზრდის შემდგომ განვითარებაზე; საზოგადოება დაინტერესდა მომავალი თაობის მუსიკალური განათლების განვითარებით, რეპეტიციები მიმდინარეობდა მაღალ პროფესიულ დონეზე, რაც ხელს უწყობდა ნორჩ მსახიობთა შესაძლებლობების გამოვლინებას. რაც მთავარია, ეს სპექტაკლი არ იხსენიება კ. მარჯანიშვილისა და მხატვარ პეტრე ოცხელის შესახებ გამოცემულ არცერთ წიგნსა თუ კრებულში. ეს ნაშრომი ხელს შეუწყობს მათი შემოქმედებითი მემკვიდრეობის სრულყოფილ შესწავლას.
1930 წლის დასაწყისში ქუთაისის მუსიკალური ტექნიკუმის (ამჟამად მ. ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი) პიონერულმა ორგანიზაციამ (ხელმძღვანელი აკაკი შანიძე) კოტე მარჯანიშვილს მიმართა თხოვნით, რომ მას დაედგა კომპოზიტორ შალვა თაქთაქიშვილის საბავშვო ოპერა „პირველი მაისი“ (მუშაობის პროცესში სათაური შეეცვალა და დაერქვა „ბრძოლა“. ლიბრეტო ლ. გეგეჭკორის). ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სასწავლებელში არსებული სასულე ორკესტრისა და თვითმოქმედი მუსიკალური წრის ძალებით გამართულ კონცერტს კ. მარჯანიშვილი დაესწრო. კონცერტის შემდეგ მას გაუჩნდა აზრი უფრო მასშტაბური ღონისძიების ჩატარებისა, კერძოდ, დაედგა საბავშვო ოპერა. მოსწავლეთა ასაკი 10-12 წელს არ აღემატებოდა. შესარჩევ კონკურსზე 200-მდე ბავშვი მივიდა სხვადასხვა სკოლიდან, რაც კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა. შემდგომ იგი 4-5 რეპეტიციას, მათ შორის, გენერალურ რეპეტიციასაც დაესწრო, მაგრამ პრემიერა მის გარეშე ჩატარდა, ვინაიდან, მოსკოვში გაემგზავრა. სპექტაკლი მომზადდა ქუთაისის დრამატული თეატრის ბაზაზე, სადაც დამზადდა დეკორაციები, კოსტიუმები, რეკვიზიტი. მუშაობის პროცესში თეატრის ტექნიკური პერსონალი დიდი ყურადღებით ეხმარებოდა მოსწავლეთა დადგმას. რეპეტიციებს ატარებდა რეჟისორი ვახტანგ აბაშიძე. პრემიერა 1930 წლის 11 მარტს დიდი წარმატებით შედგა.