-ობ და -ებ თემის ნიშანთა შენაცვლებისათვის იმერულში
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8056საკვანძო სიტყვები:
იმერული დიალექტი, ზმნის ფორმაწარმოება, თემის ნიშანთა მონაცვლეობაანოტაცია
-ებ და -ობ ფორმანტები საკმაოდ გავრცელებული და პროდუქტიულია როგორც ქართულ სამწიგნობრო ენაში, ასევე დიალექტებში. ისინი სხვადასხვა ტიპის ზმნებს დაერთვის და აწმყოსა და მყოფადის წრის მწკრივების მაწარმოებლებად გვევლინება.
-ობ სუფიქსის სხვა თემის ნიშნით ჩანაცვლება დიალექტებში შედარებით იშვიათად ხდება, პირიქით კი – ხშირად. -ებ სუფიქსს კილოებში ხშირად ცვლის ხოლმე სხვა თემის ნიშანი, მათ შორის არის -ობ სუფიქსიც.
ქვემოიმერულში დადასტურდა საინტერესო წარმოება მიტირებს ზმნური ფორმისა. კერძოდ: როდესაც მიტირებს ის მე მას კონტექსტი გულისხმობს ჩვეულებრივ პირდაპირ ობიექტზე მოქმედებას, მის ატირებას, ასეთ დროს თემის ნიშანი -ებ აწმყოსა და მყოფადში უცვლელი რჩება:
აწმყო: მიტირებს ის მე შვილს/გულს/დედას...
მყოფადი: მიტირებს/ამიტირებს ის მე შვილს/გულს/დედას...
და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კონტექსტი გულისხმობს ლანძღვას/გინებას – დედის ტირებას, აწმყოში -ებ თემის ნიშანი ჩანაცვლებულია -ობ ფორმანტით:
დედას მტირობს ის მე (ნაცვლად მართებული დედას მიტირებს ის მე ფორმისა).
იმერული კილოს აღნიშნულ ფორმებში ენამ არა მხოლოდ გრამატიკული ომონიმია დაძლია და აწმყოსა და მყოფადის მწკრივებში ფუძეების თანხვედრა აიცილა თავიდან (შდრ., ზემოთ ყურობს ტიპის ზმნები), არამედ დროის თვალსაზრისით გამიჯვნასთან ერთად (მტირობს – მიტირებს), სემანტიკური დატვირთვაც მისცა მათ: ბავშვს მიტირებს და დედას მტირობს...).