ნიკო ნიკოლაძის ეროვნული მრწამსის ევოლუცია
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8061საკვანძო სიტყვები:
60-იანელთა მოღვაწეობა, ნიკო ნიკოლაძის ეროვნული მრწამსი, XIX საუკუნის ქართული პრესაანოტაცია
მსგავსად „თერგდალეულთა“ დიდი თაობის ყოველი წარმომადგენლისა, საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ორიენ- ტაციის პრობლემაზე მსჯელობამ ნიკო ნიკოლაძის (1843–1928) პუბლიცისტიკაშიც მეტად მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა. ჩვენი ქვეყნის სამომავლო სახელმწიფოებრივი ბედის განსაზღვრა თავიდანვე იქცა მისი განსაკუთრებული ინტერესის საგნად და მსოფლმხედველობრივი მრწამსის საფუძველთა საფუძვლად. მოღვაწეობის პირველ ეტაპზე ნიკო ნიკოლაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი მომავლის ოპტიმალურ გზათა ძიებამ რუსეთთან თანაცხოვრების აუცილებლობის აღიარებამდე მიიყვანა. ისტორიული ვითარებისა და თანადროული სინამდვილის საფუძვლიანმა განსჯა-გაანალიზებამ მას მყარად განუმტკიცა რწმენა იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შორეული პერსპექტივა იყო, რის გამოც აუცილებლად თვლიდა სხვა ქვეყნის მფარველობის ქვეშ თავის შეფარებას და მისი ეროვნული პრობლემების გადაჭრას ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში თანაცხოვრებით. თავისი მოღვაწეობის ადრინდელ ეტაპზე ნ. ნიკოლაძე ასეთ ქვეყნად რუსეთს მიიჩნევდა. მისი აზრით, ჩვენი წინაპრების ერთი ნაწილის მიერ გაკეთებული ამგვარი არჩევანი იმხანად ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა და საქართველოს სამომავლო განვითარება ყველაზე მეტად სწორედ ამ გზით იყო შესაძლებელი.
1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცი- ისა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენათა შემდგომ, რასაც რუსეთის იმპერიის დანგრევა მოჰყვა, საქართველოს სახელმწიფოებრივ სტატუსთან დაკავშირებით ნ. ნიკოლაძემ აზრი მკვეთრად შეიცვალა და ის უკვე აქტიურად მოითხოვდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან ჩვენი ქვეყნის სრულად გამოყოფასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ეს თვალსაზრისი ნათლად ვლინდება 1918 წლიდან გამოქვეყნებულ წერილებში; საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი მწერალი უკვე პრაქტიკულადაც ერთვება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაჭრის პროცესში. ნ. ნიკოლაძის მსოფლმხედველობაში მომხდარი ამგვარი რადიკალური გარდატეხის არსში გასარკვევად განსაკუთრებით საინტერესოა გაზეთ „საქართველოს“ 1918 წლის 22, 24 და 27 მარტის ნომრებში გამოქვეყნებული მისი წერილი „რუსეთის დამხობა და საქართველოს ბედი“.