ზემო იმერეთი და აკაკი და გიორგი წერეთლები

ავტორები

  • მანანა ქაჯაია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8066

საკვანძო სიტყვები:

XIX საუკუნის ქართული მწერლობა, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, აკაკი გიორგი წერეთლის შემოქმედების შესახებ

ანოტაცია

იმერეთიდან წამოსული XIX  საუკუნის  ქართული  მწერლობის ორი თვალსაჩინო წარმომადგენელი  ქართველ  მამულიშვილთა  იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოვიდნენ სამოღვაწეო ასპარეზზე და ქართული საზოგადოებრივი და ლიტერატურული ცხოვრება ძირეულად შეცვალეს.

ზემო იმერეთის წარმომადგენლები – აკაკი და გიორგი წერეთლები ენერგიულად იღვწოდნენ საზოგადოებრივ-ლიტერატურულ სარბიელზედა უშუალო მონაწილეობას იღებდნენ იმდროინდელი ყველა მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო პრობლემის დასმასა და გადაწყვეტაში.

მათი მოქალაქეობრივი მრწამსის შინაარსს განსაზღვრავს ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეები. ისინი თავიანთი დიდი განსწავლულობითა და მოღვაწეობის მრავალფეროვნებით ტიპური 60-იანელები არიან.

როგორც ცნობილია, გიორგი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელთან ერთად, ჭაბუკობიდან მოყოლებული გარდაცვალებამდე იტვირთა მძიმე და საპასუხისმგებლო მისია ხელოვანისა და, ამავე დროს, ერის მოძღვრისა. ამ დიდი ტვირთის სიმძიმის ქვეშ იგი ერთი წუთითაც არ მოხრილა და ღირსეულად, როგორც ეს რჩეულ ადამიანს, ერის გულის მესაიდუმლეს შეჰფერის, წმინდად დაიცვა ქართველი მწერლისა და მოღვაწის სახელი.

მნიშვნელოვანია აკაკი წერეთლისა და გიორგი წერეთლის თბილი, მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ქუთაისის გიმნაზიიდან დაიწყო და კიდევ უფრო განმტკიცდა აკაკის ჟურნალ „კრებულში“ მუშაობის შემდეგ.

უაღრესად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ როგორ მიიღო რომელიმე მწერლის შემოსვლა ქართულ მწერლობაში  საზოგადოებამ, რა მხარეები შეამჩნიეს ქართველმა კრიტიკოსებმა ფასეული ამა თუ იმ მწერლის თხზულებებში, რა მომენტები გამოყვეს და წამოსწიეს წინ.

უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა აკაკი წერეთლის აზრი გიორგი წერეთლის შემოქმედებაზე. გიორგი წერეთლის შემოქმედების თაობაზე აკაკის არ გამოუქვეყნებია ვრცელი წერილები, რომლებშიც განხილული იქნებოდა მწერლის შემოქმედება. მაგრამ ის, რაც აკაკის გიორგი წერეთლის შესახებ უთქვამს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელის დასახასიათებლად.

ერთი სიტყვით, აკაკი სრულიად გარკვეულად მიუთითებს, რომ გიორგი წერეთელი გამოირჩევა დიდი ნაყოფიერებით, პროდუქტულობით, რაც მისი შრომისმოყვარეობის გამოხატულებაცაა, მაგრამ, ამასთანავე, და ამის გამოც, მისი ნაწერები უთანაბრობით ხასიათდება. იგი ბევრს წერს, მაგრამ ნიჭიერებით მხოლოდ მისი ნაწერების ნაწილია აღბეჭდილი, დანარჩენს ნაჩქარობა და დაღლილობა ეტყობა.

ამგვარად, მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია აკაკი წერეთლის მიერ გიორგი წერეთლის შემოქმედებითი ღვაწლის დადებითად შეფასება

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები