ფრიდონ ხალვაშის „სამი სიმონეთი“ და რამდენიმე ფრაგმენტი საქართველოს ისტორიიდან

ავტორები

  • მალხაზ ჩოხარაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მურმან გორგოშაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8068

საკვანძო სიტყვები:

ფრიდონ ხალვაშის პოეზია, ლექსი „სამი სიმონეთი“, გადმოცემები სოფელ სიმონეთზე

ანოტაცია

ფრიდონ ხალვაშის ლექსი „სამი სიმონეთი“ დაწერილია 1970 წელს. ლექსის იდეურ საფუძველს საქართველოს ისტორია ქმნის, ასევე, ხალხში გავრცელებული ზეპირი ისტორიები, რომლის თანახმად ოსმალთა შემოსევების დროს აჭარაში, ჭოროხისპირას მდებარე სოფელ სიმონეთიდან მოსახლეობის ნაწილი აიყარა, იმერეთში გადასახლდა და თავიანთ ახალ დასახლებას ისევ სიმონეთი უწოდა. მესამე სიმონეთი, საანალიზო ლექსის მიხედვით, თურქეთში მდებარეობს და იგი მუჰაჯირთა დაარსებულია. საქარიას პროვინციის გეივეს რაიონის სოფელ ილიმბეიში მართლაც ფიქსირდება ტოპონიმი სიმონეთი, რომელიც მიგრანტების მიერ მოტანილი და დამკვიდრებული სახელია ერთ-ერთი უბნისა. ილიმბეიში ქართველ მუჰაჯირთა, კერძოდ, მარადიდიდან და აჭარის სიმონეთიდან მე-19  საუკუნის  ბოლოს  გადასახლებული  მუჰაჯირების  შთამომავლები ცხოვრობენ.

ლექსის თემატური რკალი, სათაურის გარდა, გაცხადებულია ეპიგრაფში: „მე ვიცნობ სამ სიმონეთს: პირველი სოფელი ჭოროხთანაა, მეორე – იმერეთში, მესამე – ბურსასთან, თურქეთში“.

ნაშრომში განხილულია ფრიდონ ხალვაშის აღნიშნული ლექსი, ასევე, სამი სოფლის წარსულისა და თანამედროვეობის ის დეტალები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რეალობის მხატვრულ ინტერპრეტაციას – იგულისხმება პოეტური ხატების მიმართება ობიექტურ რეალობასთან. შესაბამისად, ანალიზისთვის მხატვრულ ტექსტებთან ერთად გამოყენებულია როგორც საისტორიო თხზულებები, ასევე, კოლექტიური მეხსიერების მასალები: ხალხური ისტორიები, ლეგენდები, გამითებული თუ გაზღაპრებული ნარატივები...

ნიშანდობლივია, რომ ძველ თუ ახალ ხალხურ ისტორიებთან ერთად სიმონეთელთა თანამედროვე კონტაქტების შთამაგონებელი მხატვრული ტექსტებიც აღმოჩნდა.

ცალკეულ პირთა ინტენსიური კონტაქტები 90-იან წლებში დაიწყო. 2001 წელს შედგა პირველი ორგანიზებული შეხვედრები სოფლების წარმომადგენლებს შორის აჭარასა და იმერეთში. 2003 წელს იმერეთიდან აჭარაში ჩამოიტანეს მოზრდილი ქვის ჯვარი და სოფლის თავში დაამონტაჟეს. 2023 წლის მაისში დაიწყეს ეკლესიის საძირკვლის გათხრა. 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, საძირკველი აკურთხეს. ხალხური ისტორიის კიდევ ერთი გამოძახილი ისაა, რომ ეკლესიის მშენებლობა დაიწყო სვიმონ კანანელის სახელზე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები