გიორგი წერეთელი სოფრომ მგალობლიშვილის მოგონებებში

ავტორები

  • მაგდა ჭიქაბერიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ეკატერინე შაკიაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8069

საკვანძო სიტყვები:

ქართული მემუარული ლიტერატურა, სოფრომ მგალობლიშვილის მოგონებები, გიორგი წერეთელი

ანოტაცია

გიორგი წერეთლის სახე საინტერესოდ ცოცხლდება ხალხოსანი მწერლის – სოფრომ მგალობლიშვილის მოგონებებში. მემუარისტი მას კარგად იცნობდა, მასთან პირადი და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. სოფრომ მგალობლიშვილის შეფასებით, გიორგი წერეთელი სამოციანელთა გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის მრავალმხრივი მოღვაწე იყო, უპირველესად კი –  ბელეტრისტი და პუბლიცისტი.

სოფრომ მგალობლიშვილი აღნიშნავს გიორგი წერეთლის განსა- კუთრებულ პიროვნულ თვისებებს: „იგი დიდი ორგანიზატორი იყო, დროს ალღოს ამღები“. მან დააარსა გაზეთი „დროება“, „სასოფლო გაზეთი“, ჟურნალი „კრებული“, შემდეგ კი – გაზეთი „კვალი“. გაზეთ „კვალის“ გამოცემისას შეამჩნია მესამე დასელთა მიმართულების ჩასახვა და გზა გაუხსნა თავის გაზეთში.

მემუარისტის დახასიათებით, გიორგი წერეთელი ძალიან მოძრავი და ენერგიული კაცი იყო. იგი ხშირად დადიოდა საქართველოს ახლად შემოერთებულ მხარეებში: ქობულეთში, აჭარაში, შავშეთში... ის დაუახლოვდა მაჰმადიან ქართველებს და სხვებსაც ამისაკენ მოუწოდებდა. ხშირად ესაუბრებოდა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლს და სთხოვდა, გასცნობოდა მაჰმადიან ქართველებს, ეამბო მათთვის, თუ ვინ იყვნენ ისინი ძველად და რა როლს თამაშობდა მათი მხარე ძველ საქართველოში.

სოფრომ მგალობლიშვილის თქმით, გიორგი წერეთელი ილაშქრებდა რუსიფიკაციის წინააღმდეგ. მან გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლს ასევე სთხოვა, პროტესტი გამოეთქვა ეკლესიებში მეგრული წირვა-ლოცვის შემოღების წინააღმდეგ. გრიგოლმა, რომელიც თვითონაც ამის წინააღმდეგი იყო, მთავრობას ოფიციალური განცხადებით მიმართა.

მემუარისტის თქმით, გიორგი წერეთელმა ბევრი ცუდი ნახა, მაგრამ მაინც არ შეუწყვეტია ბრძოლა და „ამ ბრძოლაში პოულობდა სიტკბოებას“.

სოფრომ მგალობლიშვილი  განიცდიდა,  რომ  გიორგი  წერეთელი კრიტიკოსებისაგან სათანადოდ არ იყო დაფასებული. არავინ კისრულობდა მისი თხზულებების ტომებად გამოცემას.

მოგონებებში საინტერესოდ არის აღწერილი მემუარისტისა და გიორგი წერეთლის საქმიანი ურთიერთობა, რომელშიც მჟღავნდება დიდი მოღვაწის პიროვნული თვისებები: შეუპოვრობა, გაბედულება, მიზანსწრაფულობა. საზოგადოდ, სოფრომ მგალობლიშვილი გიორგი წერეთლის შესახებ ბევრ ისეთ დეტალს გვაცნობს, როგორსაც სხვა მემუარისტებთან არ ვხვდებით. ეს კი მის მოგონებებს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები