ქართული სინამდვილე და გენდერული საკითხი იმერეთის მაგალითზე (დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერების“ მიხედვით)

ავტორები

  • სოფიკო ჭუმბურიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8070

საკვანძო სიტყვები:

დავით კლდიაშვილის შემოქმედება, გენდერული საკითხი, პიესა „ირინეს ბედნიერება“

ანოტაცია

დავით კლდიაშვილს ქართულ მწერლობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მის შემოქმედებაში მკაფიოდ აისახა XIX საუკუნის ბოლო ათწლეულისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართულ სინამდვილეში არსებული პრობლემები.

მართალია, აქ ერთი კონკრეტული კუთხის (იმერეთის) ამბებია ასახული, მაგრამ დიდი მწერლობა ხომ განზოგადების იშვიათ უნარსაც გულისხმობს. იმერელი მამაკაცის თვალით დანახული გენდერული საკითხიც ასევე ბუნებრივად უნდა განვაზოგადოთ, თანაც არა მხოლოდ ქართული, ზოგადსაკაცობრიო მასშტაბითაც.

წლების განმავლობაში მკვლევრები დავით კლდიაშვილის შემოქმედებას ძირითადად სოციალურ და მხატვრულ-ესთეტიკურ ჭრილში განიხილავდნენ. ბოლო დროის მხატვრულ ლიტერატურაში გენდერული კვლევების წინ წამოწევამ გვიჩვენა, რომ ის ამ მხრივაც გამორჩეული ავტორია. გენდერული პრობლემის კვლევის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა პიესა „ირინეს ბედნიერება“. აქ აშკარად იკვეთება მამაკაცთა შეხედულება ისეთი საკითხების მიმართ, რასაც დღეს გენდერულ პრობლემატიკას მივაკუთვნებთ.  აღნიშნული პიესა კარგად გვიჩვენებს, თუ როგორ თრგუნავს ქალს გენდერული და სოციალური სტერეოტიპები.

დავით კლდიაშვილმა ამ პიესის საფუძველზე დაანახა მშობლებს, რომ ქალიშვილებს თავად ვერ გადაუწყვეტენ, რა არის „ბედნიერება“, რომ აუცილებელია აღიარონ მათი პიროვნული თავისუფლება და პატივი სცენ მათს გრძნობებს.

დღეს, როცა გენდერული საკითხი ესოდენ აქტუალურია, „ირინეს ბედნიერება“ კარგად წარმოაჩენს, თუ როგორ უარყოფითად აისახება კულტურული, გენდერული თუ სოციალური სტერეოტიპები ზოგადად ქალის ბედზე.

ირინეს ბედის ჩვენებით მწერალი გამოკვეთს იმ ემპირიულ სინამდვილეს, რაც გაბატონებული იყო ქვეყანაში. მწერალმა წარმოაჩინა პრობლემა, რომელიც დღესაც აქტუალურია. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს იმავე პრობლემის უცვლელი არსი ახალი ტერმინით, უფრო ზუსტად, ამ სინტაგმით  გამოიხატება: „გენდერული საკითხი“.

საგულისხმო     და    მრავლისმთქმელია  ის     ფაქტი,    რომ   „ირინეს ბედნიერება“ დღეს  ქართული  თეატრის  განსაკუთრებული  ინტერესის სფეროში  მოექცა.  მას არაერთ  სცენაზე  დგამენ,  უმეტესად  ახალგაზრდა რეჟისორები. ეს  მიგვანიშნებს იმაზე,   რომ გენდერული       საკითხი აქტუალურობას  არ  კარგავს.  რეჟისორებიც ძირითადად  ამ  პრობლემას გამოკვეთენ და ყურადღებას ჩვენთვის საინტერესო ასპექტზეც ამახვილებენ. აღნიშნული  ფაქტი  დავით  კლდიაშვილის  ნაწარმოებთა  მსოფლიო ლიტერატურის    კონტექსტში  განხილვის კიდევ   უფრო სერიოზულ საფუძველს ავლენს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-07

გამოცემა

სექცია

სტატიები