მუხრან მაჭავარიანის პოეზიის ენა (სიტყვაწარმოება, დიალექტიზმები, ჟარგონები)
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8072საკვანძო სიტყვები:
მუხრან მაჭავარიანის პოეზიის ენა, დიალექტიზმები, ჟარგონიანოტაცია
მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება ძალიან სანტერესოა ენობრივი თვალსაზრისით. პოეტი ქართულ წიაღში „იჩხრიკებოდა და ეძებდა“, რათა არ დაკარგულიყო ბევრი მივიწყებული სიტყვა, გაეცოცხლებინა და, ასევე, ახალი სიცოცხლე დაებრუნებინა მათთვის.
კვლევის მიზანია მკითხველმა გაიცნოს მუხრან მაჭავარიანის პოეზიის ენა, რამდენად მდიდარია მისი ლექსები მსუყე ქართულით. ყოველი სიტყვა ნაფიქრი და ნაფერებია.
მუხრანი თავის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს აკუთვნებს დიალექტებს, ასევე, ძველ, მივიწყებულ სიტყვებს, რითაც მათ სხვა ელფერი ეძლევა, ფერადდება, სიცოცხლე უბრუნდება და იძენს შინაარსობრივ დატვირთვას. პოეტი მთელი თავისი შემოქმედების მანძილზე საქართვე- ლოს კუთხეებში მიმობნეულ მარგალიტებს აგროვებს და ფერადოვნად აქსოვს, რითაც ქმნის ენის ერთიანობის სილამაზეს.
მუხრან მაჭავარიანი „რკინის კალმოსანია“. იგი ქმნის და უშიშრად შემოაქვს ახალი სიტყვა. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ იგი სიტყვათშემოქმედია.
პოეტი, როგორც თავად ამბობს, ეძებს და თავად არ იცის, პოვნამდე როგორი იქნება და რომ მიაგნებს, მაშინ სიტყვა თავიდან იბადება, იძენს ელფერს, ხმოვანებას, ზოგჯერ შინაარსსაც კი. მუხრანი წერს: „დიდი მკრეხელობაა პოეტური ლექსისადმი მხოლოდ გრამატიკული მიდგომა!“ მის მიერ შექმნილი სიტყვები გამოირჩევა სილამაზით, მუსიკალური ხმოვანებით, პოეტური სიფაქიზით. ისინი მკითხველში პირველივე წაკითხვისთანავე ღრმად იდგამს ფესვს და მას შემდგომ მუხრანისეულს უწოდებენ.
მუხრან მაჭვარიანის პოეზიაში უხვად გვხვდება არქაული სიტყვები. იგი მათ არ ერიდება და ამაზე თავისი აზრი გააჩნია: „არ შეიძლება არქაიზმად ჩაითვალოს სიტყვა, რომელიც ცოცხლობს თუნდ ერთ დიალექტშიც კი“, თუმცა იქვე აღნიშნავს: „აუცილებელი ზომიერების დაცვით, თანაც დღეს, როდესაც ასე წაგვლეკა ამა თუ იმ ენიდან შემოსულმა უცხო ტერმინებმა. პოეტი არ ერიდება ჟარგონებს, რითაც ხაზგასმულია მისი დამოკიდებულება ამა თუ იმ პერსონაჟისა თუ მოქმედებისა, რომლებიც მისთვის, როგორც მოქალაქისათვის, პოეტისა და ,ზოგადად ადამიანისათვის, მიუღებელია:
„ტელეეკრანზე ვხედავ როცა მე ამ გარეწარს,
კალო თავისი ვინც ამ ქვეყნად უკვე გალეწა...“ და ა.შ.
მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში არსებული არქაიზმები, დიალექტიზმები, ქართული ენის სიღმისეული ცოდნით შექმნილი ნეოლოგიზმები კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს მის უფაქიზეს დამოკიდებულებას ენისადმი. მუხრან მაჭავარიანის ლექსების კითხვისას აუცილებელი და საჭიროა ყოველი სიტყვის გააზრება, რათა ჩასწვდე პოეტის ნაფიქრს, სიყვარულს, რასაც მშობლიური ენის ფესვები ჰქვია.