კარლა სერენას მოგზაურობა გურიაში
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9379საკვანძო სიტყვები:
ევროპელი მოგზაურები საქართველოში, კარლა სერენა გურიის შესახებანოტაცია
XIX საუკუნეში კავკასია შედარებით უსაფრთხო გახდა სამოგზაუროდ, ამიტომ უამრავმა უცხოელმა მეცნიერმა მოინახულა საქართველო. მათ მიზანს ჩვენი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების, ასევე, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის სამრეწველო პოტენციალისა და კულტურული ყოფის შესწავლა წარმოადგენდა. ისინი მოდიოდნენ არა მარტო პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, არამედ ასრულებდნენ საკუთარი სახელმწიფოების დავალებებს. ამ დროისათვის ევროპისათვის საქართველო ფაქტობრივად უცნობი იყო და ბევრი მათგანის ვიზიტს მეტწილად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.
ევროპელი მოგზაურები მეტ-ნაკლები სიზუსტით გადმოგვცემენ იმდროინდელ ვითარებას. ისინი მოგვითხრობენ არა მარტო იმას, რაც თავად ნახეს, არამედ ხშირად იმოწმებენ სხვის მონათხრობს, ან კიდევ ეყრდნობიან სხვა, უფრო ადრინდელ წყაროებს, უმეტესად იოჰან გიულდენშტედტისა და ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ჩანაწერებს, რომლებიც ხშირად შეიცავენ უზუსტობებს.
სწორედ ამიტომ წყაროების განხილვისას დიდი სიფრთხილეა საჭირო! უცხოელი ხშირად მიკერძოებულია. ის რეალობას ყოველთვის უყურებს იმ საზოგადოების თვალით, რომელსაც იგი ეკუთვნის, ხშირად იმ ქვეყნის პოლიტიკის გამტარებელია, რომელმაც იგი სამოგზაუროდ, ადგილობრივ სიტუაციაში გასარკვევად გამოგზავნა.
ამრიგად, უცხო მოგზაურთა ცნობები წარმოადგენს მნიშვნელოვან პირველწყაროს, მაგრამ მხოლოდ მისდამი მკაცრი კრიტიკული მიდგომის შემდეგ!
2024 წელს გამოქვეყნდა ჩემი წიგნი ,,ქუთაისი და იმერეთი მე-19 საუკუნის ევროპელ მოგზაურთა ჩანაწერებში». ამ წიგნში 22 ევროპელ მოგზაურს შორის არის უცნობი, იდუმალი მოგზაური კარლა სერენა, რომელმაც ცნობილ ფრანგულ ჟურნალში „Le Tour du Monde“ 1880-1884 წლებში გამოაქვეყნა 11 ვრცელი სტატია საქართველოს შესახებ: 1880 წლის ნომერში დაიბეჭდა სტატია იმერეთში მოგზაურობის შესახებ, 1881 წელს – სამეგრელოს შთაბეჭდილებები, 1882 წელს - მოგზაურობა სამურზაყანოსა და აფხაზეთში, შემდეგ კი – კახეთში. 1884 წლის სტატიაში (მოგზაურობა გურიაში, გორში, ბორჯომსა და ახალციხეში) ვხვდებით უაღრესად საინტერესო მონაცემებს გურიის შესახებ, რომლებსაც წინამდებარე ნაშრომით პირველად გაეცნობა ქართველი მკითხველი.

