გურული ლექსიკა მეგრულთან მიმართებით (გიგო შარაშიძის „გურული ლექსიკონის“ მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9380საკვანძო სიტყვები:
ქართული ენის დიალექტები, გურული ლექსიკა, მეგრული ლექსიკა, გიგო შარაშიძეანოტაცია
გურული მეტყველება მრავალფეროვანია. აჭარულთან, სამცხურთან, იმერულსა და მეგრულთან უშუალო მეზობლობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს გურული დიალექტის მრავალფეროვნებას, ამასთან, მსგავსი ენობრივი ფაქტების, მოვლენების არსებობას.
ნაშრომში განხილულია გურული ლექსიკა მეგრულთან მიმართებით და წარმოჩენილია მათ შორის არსებული საერთო დიალექტური მასალა. საანალიზოდ აღებულია გიგო შარაშიძის „გურული ლექსიკონი“, რომელიც წარმოდგენილია წიგნში: ქართველურ ენათა ლექსიკა, I, გურული, ზემოიმერული და ლეჩხუმური ლექსიკონები (თბილისი, 1938).
გიგო შარაშიძე (1848-1932) წლების განმავლობაში გურიის სხვადასხვა სოფელში აგროვებდა სალექსიკონო მასალას, რომელიც მრავალმხრივ საინტერესოა. ლექსიკონში „მოიპოვება ბევრი ისეთი სიტყვა, რომელიც დროთა ვითარებაში, ძველი ყოფის შეცვლასთან დაკავშირებით, დავიწყებულა, უკვე აღარ იხმარება, მაგრამ ენის ისტორიისათვის მაინც უდიდესი მნიშვნელობისაა“ (გვ. VII). ლექსიკონში ისეთი სიტყვებიც მოიპოვება, „რომელთაც სამწერლო ენაში თავისი ლიტერატურული პარალელი, თავისი შესატყვისი არ გააჩნიათ...“ გვხვდება უცხო ენებიდან (თურქული, ბერძნული, სპარსული) ნასესხები ლექსიკაც. (ლექსიკაც. კვლევამ საინტერესო შედეგები გამოავლინა. როგორც მოსალოდნელი იყო, გურულ დიალექტში საკმაო რაოდენობით დასტურდება ისეთი ლექსიკური ერთეულები, რომლებიც ასევე დამახასიათებელია მეგრულისათვის. ხშირ შემთხვევაში სიტყვები მსგავსია როგორც ფორმობრივ, ისე სემანტიკურ დონეზე. გარკვეულ შემთხვევებში ვლინდება განსხვავებული სემანტიკური ნიუანსები.
ნაშრომში გაანალიზებულია სიტყვაფორმები: ბურდღაში, გაჩიჩინება, დაფრანგული, დუდგა, კომჭი, კოღონა, მოსარგალება, პარტყალი, ფიჭვი, ქერეთო, ცახოცი, ჭიჭო, ხვანცალი...
გურულში მეგრულთან საერთო ლექსიკის არსებობა შეიძლება აიხსნას როგორც მათი საერთო წარმომავლობით, ასევე, ტერიტორიული სიახლოვით, ურთიერთობით. განხილული სიტყვაფორმები, გარდა მეგრულისა, ქართული ენის სხვა კილოებშიც (იმერული, გურული, აჭარული, კახური, თუშური...) გვხვდება, რაც, ასევე, ბუნებრივია. ისინი საერთოქართული წარმომავლობის სიტყვებია, რომლებმაც ფორმობრივ-სემანტიკური მსგავსება, ერთიანობა შეინარჩუნეს რიგ კილოებში. გურულსა და მეგრულში (აგრეთვე სხვა კილოებში) გამოყენებული საერთო დიალექტური ლექსიკა უდავოდ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული მეტყველებები ერთი, საერთო ქართული/ქართველური ენობრივი სისტემის ნაწილებია. ცალკეული კუთხური მეტყველებები მეტ თავისებურებებს გვიჩვენებს, რაც ზოგადად ენაში მიმდინარე დივერგენციული თუ კონვერგენციული პროცესების ამსახველია.