გურიაში წარმოებული იარაღის (XIX ს. - XX ს.-ის 20-იანი წლები) ატრიბუციის ზოგიერთი საკითხი
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9382საკვანძო სიტყვები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული იარაღი, იარაღის წარმოება გურიაშიანოტაცია
სხვადასხვა წყაროები გურიას (მეზობელ აჭარასთან ერთად) ახასიათებენ როგორც ხარისხიანი იარაღის წარმოების მძლავრ კერას. დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთის რეგიონში არსებული აჭარა-გურიის იარაღის წარმოების ცენტრი, კავკასიაში თავისი მასშტაბურობით, ასევე, დამზადებული პროდუქციის მაღალი ხარისხით, მხოლოდ თბილისსa და დაღესტანს შეიძლება შევადაროთ.
მიუხედავად ზემოთქმულისა, გურიაში იარაღის წარმოების ისტორია და უშუალოდ აქ დამზადებული იარაღი თითქმის შეუსწავლელია; ნაკლებად არის ცნობილი აქაური იარაღის ინდივიდუალური ნიშნები, მათი ლოკალური სახესხვაობანი, რის გამოც ფერხდება მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული გურიაში დამზადებული იარაღის გამოვლენა და ზუსტი ატრიბუცია. ამის შედეგია ის, რომ ხშირად გურიაში დამზადებულ იარაღს შეცდომით სხვა რეგიონებს აკუთვნებენ. ფაქტობრივად ჩრდილში დგას ქართული ეთნოგრაფიული ყოფისთვის დამახასიათებელი მატერიალური კულტურული ძეგლების დიდი რაოდენობა, რისი შესწავლაც აუცილებელია და სასწრაფოც.
საბჭოთა კავშირის პერიოდში ისტორიული იარაღის კვლევას არავითარი ყურადღება არ ექცეოდა, ან ძლიერ მიკერძოებულ ხასიათს ატარებდა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, კონტროლის არარსებობის პირობებში, საზღვარგარეთ გაიტანეს მოსახლეობაში ჯერ კიდევ შემორჩენილი ხარისხიანი ისტორიული იარაღის (მათ შორის გურიაში დამზადებული) ეგზემპლარები, რამაც მათი კვლევა ჯერჯერობით შეუძლებელი გახადა, ხოლო მუზეუმების ფონდებში დაცული, არაიდენტიფიცირებული თუ ნაწილობრივ იდენტიფიცირებული იარაღის ნიმუშების კვლევა ბიუროკრატიული მექანიზმებისა თუ სხვა
მიზეზების გამო გართულებულია.
გურიაში დამზადებული იარაღის იდენტიფიკაციისა და შემდგომი ატრიბუციისათვის საჭიროა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, სადაც ასახული იქნება იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ყველა ნიშანი: კონკრეტული იარაღის დამზადების ისტორიული კონტექსტი, ორნამენტიკა, მოყვანილობა (გეომეტრია), დამღები, წარწერები, დამზადების ტექნიკა, ცალკეული დეტალების განლაგება და ფორმები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს კვლევების წარმართვას, რათა ნათელი მოეფინოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ამ საინტერესო მიმართულებას.