ბრძოლა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ (ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო...“ და ნოდარ მაჭარაშვილის „ქეიფი სოლოლაკში“)

ავტორები

  • ნინო ვახანია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9384

საკვანძო სიტყვები:

ნტისაბჭოთა განწყობა ქართულ ლიტერატურაში, ზაირა არსენიშვილის მოთხრობა „ვა, სოფელო“, ნოდარ მაჭარაშვილის მოთხრობა „ქეიფი სოლოლაკში“

ანოტაცია

1921 წელს, სამწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველო საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო. ქართველი ხალხი ადვილად ვერ შეეგუა ვერაგულ ოკუპაციას. შეიქმნა ცალკეული რაზმები, რომლებმაც დაიწყეს შეირაღებული ბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ.
1924 წლის აგვისტოს აჯანყება ტრაგიკულად დამთავრდა, თუმცა ეს ფაქტი დარჩა გმირობის, შეუგუებლობის, უკომპრომისობის მაგალითად. აჯანყების მეთაური ქაქუცა ჩოლოყაშვილი საბჭოთა ხელისუფლებამ ყაჩაღად გამოაცხადა და აკრძალა მისი სახელის ხსენებაც კი.
მხოლოდ XX საუკუნის 80-90-იან წლებში გახდა შესაძლებელი ამ აჯანყებასა და მის სხვადასხვა წახნაგზე უშიშრად და ხმამაღლა საუბარი და, როგორც მოსალოდნელი იყო, კიდეც ჰპოვა თავისი გამოძახილი მხატვრულ ლიტერატურაში. ერთ-ერთი საყურადღებო რომანი, რომლის ვრცელ პასაჟებშიც აისახა ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მისი რაზმის ბრძოლა აგრესორთა წინააღმდეგ, ის სისასტიკე, რომლითაც მმართველი ძალა უსწორდებოდა ეროვნულ მოღვაწეებს, გახლავთ ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო...“
ამ აჯანყებას წინ უსწრებდა პატარ-პატარა ბრძოლები, რომელთა მონაწილეებმაც მოამზადეს 1924 წლის აგვისტო. 1923 წლის რეპრესიებს შეეწირა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური, გენერალი კოტე აფხაზი. ეს რეალური ისტორიული პირი მთავარი პერსონაჟია ნოდარ მაჭარაშვილის ვრცელი მოთხრობისა „ქეიფი სოლოლაკში“, რომელშიც ოსტატურადაა ერთმანეთთან შერწყმული ისტორიული ფაქტები და მწერლის გამონაგონი. რაც მთავარია, მკაფიოდაა გადმოცემული და მხატვრული დამაჯერებლობითაა ხორცშესხმული ორი, ურთიერთსაპირისპირო მსოფლმხედველობა; ორი, ურთიერთდაპირისპირებული იდეა – სამშობლოს ერთგულება და მტრის მონება.
ეს თხზულებები უხილავი ძაფებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ქართველი მწერლების ცხოველი ინტერესი საუკუნის წინანდელი
მოვლენებისადმი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლის იდეა მარადიულია და მას მნიშვნელობა დღესაც არ დაუკარგავს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-30

გამოცემა

სექცია

სტატიები