მეტაფორული ფრაზეოლოგიზმები გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების“ მიხედვით

ავტორები

  • მარიკა თედორაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სალომე გუმბერიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9385

საკვანძო სიტყვები:

მწერლის ენა, გიორგი კეკელიძე, გურული დიალექტი, მეტაფორული ფრაზეოლოგიზმები

ანოტაცია

ფრაზეოლოგიზმები ენის კვლევისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ისინი დიდ როლს ასრულებენ ენის თავისებურებათა გამოვლენაში, რომლებიც საზოგადოებრივ-ისტორიულ პროცესებსა თუ ინდივიდუალურკოლექტიურ მესხიერებას უკავშირდება. ფრაზეოლოგიზმები, გარდა იმისა, რომ ასახავენ ერის კულტურულ და ისტორიულ გამოცდილებას, წარმოაჩენენ ენის შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლინებასა და განვითარების დინამიკას.
სტატიაში ნაჩვენებია გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების“ მიხედვით მწერლის ენისათვის დამახასიათებელი ის თავისებურებები, რომლებიც მეტაფორულ (ახალდაბადებულ) ფრაზეოლოგიზმებად გვესახება. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე პროზაში შეინიშნება ტენდენცია ინოვაციური, განსხვავებული ფრაზეოლოგიზმების, ხატოვანი სიტყვა-თქმების შექმნისა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი სეგმენტია ენის ევოლუციური პროცესების მხატვრულად გარდაქმნისა და გამოხატვისათვის. როგორც ედვარდ საპირი აღნიშნავდა: „ენა არის კულტურის გზამკვლევი სოციალურ რეალობაში“. ამ კონტექსტში ახალი ფრაზეოლოგიზმების შექმნა და გამოყენება შეიძლება განვიხილოთ როგორც კულტურული ინოვაციის პროცესი, რომელიც ასახავს საზოგადოების ცვალებად ღირებულებებს და მსოფლმხედველობას.
თანამედროვე ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – გიორგი კეკელიძის მიერ შექმნილი მეტაფორული ფრაზეოლოგიზმები
წარმოადგენს ენის განვითარების მნიშვნელოვან ასპექტს. ისინი არა მხოლოდ ამდიდრებენ ენას ახალი გამომსახველობითი საშუალებებით, არამედ ასახავენ თანამედროვე საზოგადოების მსოფლაღქმასა და კულტურულ ღირებულებებს; გვიჩვენებენ ქართული კულტურის მჭიდრო კავშირს ბუნებასთან და მის უნარს, დაინახოს სამყაროს პოეტური ასპექტები ყოველდღიურ მოვლენებში. „ახლად დაბადებული“ ფრაზეოლოგიზმები ნამდვილად ქმნიან მწერლისეულ ორიგინალურ სტილს. საყურადღებოა, რომ ისინი არ გვხვდება დღემდე გამოქვეყნებულ ლექსიკონებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი მეტაფორული ფრაზეოლოგიზმები, რომლებიც წარმოადგენს უკვე არსებული ფრაზეოლოგიზმების სემანტიკურ ვარიანტებს, რაც ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს მწერლისეულ სიახლედ. მაგ.: კანმა ოფლი მოისხა - შეეშინდა. შდრ.: ცივმა ოფლმა დაასხა - ძალზე შეეშინდა, გამწარდა, ათრთოლდა (თ. სახოკია); ენა მიღებს პირს? - სიტყვის უთქმელობა. შდრ.: დანა პირს ვერ უხსნის - უსიცოცხლოა, მეტისმეტი დარდისა ან ბრაზისაგან მკვდარს დამსგავსებულია, მწუხარებისგან სიტყვა ვერ უთქვამს (თ. სახოკია).
წინამდებარე კვლევაში გამოყენებულია კონტექსტუალური ანალიზის მეთოდი. საანალიზო მასალა კვლევის ამ ეტაპისთვის გაანალიზებულია და დიფერენცირებულია სემანტიკური ნიშნით, პირობითად დაყოფილია ბუნების მოვლენებისა და ადამიანის შინაგან განცდათა ამსახველ მწერლისეულ ფრაზეოლოგიურ შესიტყვებებად. კვლევა მნიშვნელოვანია არა მარტო ერთი კონკრეტული
მწერლის – გიორგი კეკელიძის შემოქმედების ლინგვისტური მოზაიკის თავისებურებების გამოვლინებისთვის, არამედ საკუთრივ ქართული სალიტერატურო ახალი ენობრივი ტენდენციების კვლევისთვისაც. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-30

გამოცემა

სექცია

სტატიები