„შოთა რუსთაველის სახელობის კულტურული ლაშქრობის“ გურული მასალა
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9386საკვანძო სიტყვები:
საბჭოთა ფოლკლორი, გურული ფოლკლორი, ფოლკლორული პროექტი – „შოთა რუსთაველის სახელობის კულტურული ლაშქრობა“ანოტაცია
სტატიაში შესწავლილია 1934-35 წლებში გაზეთ „კოლექტივიზაციის“ მიერ განხორციელებული ფოლკლორული პროექტი – „შოთა რუსთაველის სახელობის კულტურული ლაშქრობა“, რომელიც 1937 წელს ჩატარებული შოთა რუსთაველის იუბილეს ფოლკლორულ ნაწილად მოიაზრებოდა ქართულ სინამდვილეში. შოთას კულტურული ლაშქრობა პირველად ხდება სამეცნიერო შესწავლის საგანი ქართულ ფოლკლორისტიკაში.
ლაშქრობის მიზანს წარმოადგენდა ახალი, სოციალისტური შინაარსის ლექსების შეკრება გლეხი-პოეტებისგან და მათი გამოქვეყნება
საგლეხო გაზეთში. ლაშქრობის შედეგად შეკრებილი ლექსები კრებულად გამოქვეყნდა და XX საუკუნის 80-იან წლებშიც კი იბეჭდებოდა, როგორც ხალხის სულის გამოხატულება.
სტატიაში შესწავლილია გურიაში შეკრებილი ლექსები. კვლევამ აჩვენა, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით გურია ყველაზე ნაკლები
ენთუზიაზმით შეხვედრია გაზეთის ინიციატივას, რადგან გურული ლექსების სიმცირე თვალშისაცემია როგორც საგაზეთო, ისე მოგვიანებით გამოქვეყნებულ კრებულებში. ასევე, იშვიათობაა გურული ლექსები ლიტერატურის მუზეუმის გაზეთ „კოლექტივიზაციის“ არქივში, რომლებიც არასდროს გამოქვეყნებულა, რადგან დაიბლოკა რედაქციის მიერ მათი ორაზროვანი მნიშვნელობის გამო.
გაზეთში გამოსაქვეყნებელ მასალას ჟურნალისტი აკაკი ჭყონია არჩევდა, რომელიც საკუთარი შეხედულებისამებრ ასწორებდა ლექსებს და, როგორც კომუნისტი, უპირატესობას სოციალისტურ თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს ანიჭებდა. ლაშქრობამ გამოავლინა მრავალი გლეხიპოეტის ვინაობა, რომლებიც საბჭოთა თემატიკაზე თხზავდნენ ლექსებს. ინდივიდუალური პოეტების შემოქმედების ხალხური სიტყვიერების გვერდით დაბეჭდვამ კი ის გამოიწვია, რომ ფოლკლორისტმა მიხეილ ჩიქოვანმა ექსკლუზიურად, ქართულ ფოლკლორისტიკაში შეცდომით შემოიტანა და მთქმელის ცნების პარალელურად დაამკვიდრა ფოლკლორთან შეუსაბამო – ავტორ-მთქმელის ცნება.
მიუხედავად იმისა, რომ შოთა რუსთაველის სახელობის კულტურულ ლაშქრობას სამართლიანად აკრიტიკებდნენ განხორციელების პროცესშივე, მან მნიშვნელოვანი გარდატეხა შეასრულა ქართულ ფოლკლორისტიკაში. ფაქტობრივად, მისი საშუალებით შეიქმნა ქართული საბჭოთა ფოლკლორის ვრცელი და მასშტაბური ბაზა, ხოლო მისი როგორც გამოცხადებისა და განხორციელების გზები, ისე შედეგები ნათლად აჩვენებს საქართველოში საბჭოთა ფოლკლორის ინსიტუციურ და არა ხალხურ წარმოშობას.

