ბერ- ძირიანი გვარსახელები გურულში
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9390საკვანძო სიტყვები:
გურული დიალექტი, საკუთარი სახელები, ქართული გვარსახელების წარმოებაანოტაცია
გვარსახელების საქართველოს კუთხეების მიხედვით შესწავლას განსაკგვარსახელების საქართველოს კუთხეების მიხედვით შესწავლას
განსაკუთრებული სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. სიტყვა-გამოთქმები მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს როგორც
ენათმეცნიერებისათვის, ისე საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიისათვის. გვარების წარმოშობის კონკრეტული პერიოდის, მიგრაციისა და ლოკალიზაციის გარკვევა პრობლემურია და დიდი სიფრთხილით შესწავლას გულისხმობს.
წარმოდგენილი სამეცნიერო სტატიის კვლევის მიზანს წარმოადგენს გურიაში გავრცელებული ბერ- ძირიანი გვარსახელების გამოვლენა, მათი სტრუქტურის, სემანტიკისა და ეტიმოლოგიის შესწავლა. ბერ-ძირიანი გვარების შესწავლა მჭიდროდ უკავშირდება გურიის წარსულსა და თანამედროვეობას. ნაშრომში ქრონოლოგიურად, დღევანდელობასთან მიმართებით გაანალიზებულია ბერი სიტყვის მნიშვნელობა ქართული ენის ლექსიკონებში, დიალექტურ და ეთნოგრაფიულ მასალებსა და ისტორიულ დოკუმენტებში. ბერი პოლისემანტიკური სიტყვაა და აღნიშნავს: 1. ხანდაზმულ ადამიანს; 2. მონაზონს; 3. ვაჟიშვილს; 4. ჩვილს; 5. ხატისათვის შეთქმულ ბავშვს.
გურულში ბერ- კომპონენტიანი გვარების რამდენიმე მოდელი გამოვლინდა:
1. მარტივფუძიანი (ბერ+ძე) გვარები: ბერიძე, ბერიშვილი. გვარები გვავარაუდებინებს პირსახელს ბერი.
2. მარტივფუძიანი, -ელ კნინობითის მაწარმოებელი აფიქსით სახელებისაგან წარმოქმნილი გვარები: ბერსელაძე, ბერსენაძე. გვარები
გვავარაუდებინებს პირსახელს - ბერ-ს-ელ-ა > ბერ-ს-ენ-ა. ელ > ენ მონაცვლეობა. ს- მიცემითი ბრუნვის ნიშანი.
3. რთულფუძიანი გვარები. ბერ - კომპონენტი მეორე ადგილზეა: გიგიბერიძე (< გოგი+ბერი+ძე), გოგაბერაშვილი (< გოგა+ბერა+შვილი),
თავბერიძე (< თავ+ბერი+ძე), სულაბერიძე (სულა+ბერი+ძე), ჯამბერიძე (<ჯან+ბერი+ძე), მაჩაბერიძე (მაჩა+ბერი+ძე)... გვარები გვავარაუდებინებს პირსახელებს: გიგი (გაგიშვილი, გიგაშვილი), გოგა (გოგაშვილი, გოგიაშვილი), სულა (სულაშვილი), თავი (თავაძე), ჯანო (ჯანიაშვილი), მაჩა (მაჩაიძე) ან მაცა (მაცაბერიძე)...
4. კომპოზიტურ გვარსახელში ბერ-ი წარმოდგენილია გარკვეული ფონეტიკური ცვლილებით:
ა) ი/ე მონაცვლეობა: გვიბირიძე (<გვიბერიძე)... ი/ე მონაცვლეობა შეიძლება გვქონდეს გვარებში: კობირიძე (<კო+ბერიძე). მსგავსი წარმოების გვარია კობერიძე. შესაძლებელია, ანალოგიური წარმოშობის გვარია კოიძე.
ბ) ა/ე მონაცვლეობით: გუმბარიძე (<გუმბერიძე)... გურიაში მოსახლე გვარსახელებს გვავარაუდებინებენ ადგილის სახელწოდებები: საბერძაო (<სა-ბერიძე-ო. სათესი); ბერიძისოული (<ბერიძის-ეულ-ი. ნამოსახლარი) საბერიძაო (<სა-ბერიძე-ო. სათესი
ადგილი); ბერულავა (ღელე); გოგიბერისკარი (გორა); საკობერიძეო (ტყე).
საკუთარი სახელის მამრობითი სქესის, ძის, შვილის ჩვენება გამოხატავს ზემოთ აღნიშნულ გვარსახელებში დადასტურებული ბერძირის სემანტიკას. ამგვარი ტენდენცია საერთო ქართველური ენობრივი მოვლენაა და დღესაც შეინიშნება დიალექტებში.
საკითხის კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები საინტერესოა ქართველური ლექსიკოლოგიის, ონომასტიკისა და, საერთოდ, გვარსახელებთან დაკავშირებული საკვანძო საკითხების დიაქრონიული ანალიზისათვის.