1924 წლის აგვისტოს აჯანყების რეფლექსია ემიგრანტულ გამოცემაში „მამული“ - „La Patria“
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9391საკვანძო სიტყვები:
ქართული ემიგრანტული პერიოდიკა, 1924 წლის აგვისტოს აჯანყება, თავისუფლებისათვის ბრძოლა, საბჭოთა რეპრესიებიანოტაცია
XX საუკუნის ქართული ემიგრაციის კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია პერიოდიკა, რომელიც საქართველოდან შორს
გამოიცემოდა სხვადასხვა წლებში განსხვავებული ინტენსივობით, მაგრამ ყოველთვის აირეკლავდა საქართველოს კულტურულ–საზოგადოებრივ ვითარებას, შორეული თუ უახლესი ისტორიის ასპექტებს. უცხოეთში გამომავალი ქართულენოვანი ჟურნალ-გაზეთები ინახავს ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ემიგრანტ ავტორთა რეფლექსიას სამშობლოს ისტორიის, მათი დროის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ მემკვიდრეობის შესწავლა მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული წარსულის კვლევის თვალსაზრისით, უცხოეთში მცხოვრებ და მოღვაწე თანამემამულეთა ღვაწლის გასაცნობად და წარმოსაჩენად, ისე თანამედროვე საქართველოს
წინაშე მდგარი უმწვავესი ამოცანების მიმართ უტყუარი საპუხების საპოვნელად.
ქართველ ემიგრანტთა არქივების შესწავლა XX საუკუნის დასასრულიდან განსაკუთებით აქტიურად მიმდინარეობს. ამ მიმართულებით საკმაოდ მოცულობითი კვლევაა ჩატარებული და მრავალი საყურადღებო მონოგრაფიაა დასტამბული. ამის მიუხედავად, საგანგებო შესწავლას საჭიროებს არაერთი გამოცემა, კონკრეტული ნაშრომი თუ ავტორი. მათ შორისაა „მამული“ / „La Patria“, რომელიც ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით იბეჭდებოდა არგენტინაში, ბუენოს-აირესში, 1951-1953 წლებში. „მამული“, მისი გამომცემლებისვე განმარტებით, არის „კრებული მშობლიური ისტორიისა, მწერლობისა და კულტურისა“.
საქართველოს დაუსრულებელ ბრძოლას რუსეთის როგორც ძველი, ისე მოდერნიზებული იმპერიის წინააღმდეგ ეხება კრებულში დაბეჭდილი თითქმის ყველა სტატია. რამდენიმე ოპუსში რეფლექსირებულია 1924 წლის აგვისტოს აჯანყების სისხლიანი პერიპეტიები. საგანგებოდ ამ აჯანყებას ეძღვნება აკაკი პაპავას წერილი „ფიქრები აგვისტოს დღეებზე“ (მამული, №3, 1952).
ზოგადად, ამ ჟურნალისათვის მნიშვნელოვანია აჩვენოს, რომ ქართველმა ერმა თავისი ნაციონალური, პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო
2000 წელზე მეტი ხნის წინ და ის შეწყდა მე–19 საუკუნის დასაწყისში, რომ სწორედ ეს დაკარგული დამოუკიდებლობა დაიბრუნა 1918 წელს, რომელიც 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთმაც აღიარა პოლონეთის, ფინეთისა და ბალტიის რესპუბლიკების მსგავსად. ასევე, მუდმივად ესმება ხაზი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო ინგლისმა, ბელგიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, არგენტინამ და სხვა სახელმწიფოებმა; რომ საქართველოს ჰქონდა დამფუძნებელი კრების მიერ შემუშავებული კონსტიტუცია, ამ კონსტიტუციით უზრუნველყოფილი სრული პოლიტიკური თავისუფლება, ადამიანის უფლებები და, რომ სწორედ ასეთი სუვერენული ქვეყანა 1921 წელს დაიპყრო საბჭოთა რუსეთმა. ამ ჭრილში რეფლექსირდება 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაც და ფასდება, როგორც აჯანყებათა ეტაპის დასასრული, შემდგომი ბრძოლისთვის კი წინააღმდეგობის თვისებრივად ახალი მოდელი უნდა შეიქმნას, რომ ერი ხელსაყრელი მომენტის დადგომისას თავისუფლების მოპოვებისთვის იყოს მზად.