ქართული ემიგრანტული გაზეთი „ახალი საქართველო“ და 1924 წლის აჯანყება
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9393საკვანძო სიტყვები:
1924 წლის აჯანყება, ქართული ემიგრანტული პრესა, გრიგოლ ვეშაპელის წერილებიანოტაცია
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად 1924 წლის აგვისტოში მომხდარი აჯანყების დამარცხებამ და ამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებულმა უმკაცრესმა რეპრესიულმა პოლიტიკამ ქართველ ემიგრანტთა ეროვნულ და პოლიტიკურ თვალთახედვაზეც მოახდინა მნიშვნელოვანი ზეგავლენა. კერძოდ, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის გამო სამშობლოდან უცხოეთში ემიგრირებულ ქართველ პოლიტიკოსთა მცირე ნაწილი იძულებული გახდა, არსებულ მდგომარეობას დამორჩილებოდა და საბჭოთა იმპერიის შემადგენლობიდან ჩვენი ქვეყნის განთავისუფლება, იმხანად არსებული მდგომარეობის გამო, საფუძველს მოკლებულ მიზანსწრაფვად მიეჩნია. სწორედ ამ მოვლენის ერთ-ერთ თვალნათლივ გამოვლინებას წარმოადგენს მკვეთრად რადიკალური ის მეტამორფოზა, რაც გრიგოლ ვეშაპელის (ნამდვილი გვარია ვეშაპიძე. 1891-1926 წწ.) პოლიტიკურმა თვალთახედვამ განიცადა 1924 წლის აჯანყების წინარე პერიოდში. კერძოდ, თუ საბჭოთა რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ იგი ემიგრაციაში წავიდა და 1924 წლის აჯანყებამდელ პერიოდში აქტიურად ეწეოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდას, აჯანყების დამარცხების შემდეგ მიზანმიმართულად დაიწყო პროპაგანდა საქართველოში ქართველი ემიგრანტების დასაბრუნებლად და საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის დასამყარებლად. ამ მიზნით ის აქტიურად იყენებდა პარიზსა და ბერლინში მისი რედაქტორობით გამომავალ გაზეთ „ახალ საქართველოს“. გრ. ვეშაპელის ამგვარი ქმედება საბჭოთა ხელისუფლებასთან მისი აქტიური თანამშრომლობის შედეგს რომ წარმოადგენდა, ეს არა მარტო იმით დასტურდება, ხსენებული გაზეთი მკვეთრად გამოხატული საბჭოთა იდეოლოგიის მქადაგებელი პერიოდული ორგანო რომ იყო (1924-1926 წლებში გამოდიოდა პარიზსა და ბერლინში), არამედ იმითაც, რომ შეუზღუდველად იყიდებოდა საქართველოშიც. აღნიშნული გარემოების გამო გრ. ვეშაპელი, რომელიც მანამდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთ აქტიურ ორგანიზატორად იყო მიჩნეული, ქართველმა ემიგრანტებმა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულ აგენტად შერაცხეს. გრ. ვეშაპელის ეროვნულ-პოლიტიკური თვალთახედვის ამგვარი რადიკალური ცვლილების თვალნათლივ დადასტურებას წარმოადგენს ის წერილები, რომლებიც მან და მისმა თანამზრახველებმა მრავლად დაბეჭდეს ხსენებულ გაზეთში. მათი ავტორები ამ პუბლიკაციების მეშვეობით, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე, გამოხატავდნენ თავიანთ პროსაბჭოურ თვალთახედვას და აქტიურად მოუწოდებდნენ ემიგრანტ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისა და ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის დამყარებისაკენ. გრ. ვეშაპელის ეროვნული და პოლიტიკური მრწამსის ამგვარ რადიკალურ მეტამორფოზას სავსებით კანონზომიერად მოჰყვა ქართველ ემიგრანტებთან დაპირისპირება, რაც 1926 წლის 10 ივნისს მისი მკვლელობით დამთავრდა. „ახალ საქართველოში“ გამოქვეყნებული წერილები ორ პირობით ჯგუფად იყოფა: პირველი, ემიგრანტ ავტორთა პუბლიკაციები და მეორე, საქართველოდან გაგზავნილი სტატიები, რომელთა ხელმომწერნიც ავანტიურისტულ მოვლენად შეფასებულ ამ აჯანყებას უმწვავესი ფორმით გმობდნენ და კატეგორიულად მოითხოვდნენ მისი ორგანიზატორების უმკაცრესად დასჯას. 1924 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით გაზეთ „ახალ საქართველოში“ გამოქვეყნებული წერილები ახალი შტრიხებით წარმოაჩენს საბჭოთა ხელისუფლებასთან ცხადად თუ ფარულად დაკავშირებულ ქართველ ემიგრანტთა ცალკეული წარმომადგენლების პოზიციას ამ აჯანყების შემდგომ პერიოდში შექმნილი რეალობისადმი.

