ზოგი სიტყვაფორმის სტრუქტურულ-სემანტიკური ვარიანტები გურულში
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9395საკვანძო სიტყვები:
გურული დიალექტი, დიალექტური ლექსიკა, ლექსიკოგრაფიაანოტაცია
დიალექტის, როგორც ენის სისტემის ერთ-ერთი ქვესისტემის, მონაცემთა შესწავლას ენის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა
ენიჭება.
ქართული ენის დიალექტთა შორის გურულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან
მოგვეპოვება. იგი საკმაოდ კარგად არის შესწავლილი. გურულ კილოს მიეძღვნა მრავალი ნაშრომი, რომელთა ავტორები განიხილავდნენ როგორც საკუთრივ გურულისათვის დამახასიათებელ ცალკეულ მოვლენებს, ასევე, მის მიმართებას ქართული ენის სხვა დიალექტებთან და საერთოქართველურ დონეზე.
ჩვენი კვლევის მიზანია, დიალექტური ნაირსახეობების, კერძოდ, ლექსიკურ ერთეულთა სტრუქტურულ-სემანტიკური ვარიანტების
გამოვლენა გურულში და გაანალიზება ქართული სალიტერატურო ენისა და სხვა კილოთა მონაცემებთან შედარება-შეჯერების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ნაკვლევია, ეს თემა აქტუალურობას არ კარგავს დღემდე. ამასთან, ლექსიკოლოგიის დონეზე კვლევა აუცილებელია არა მარტო ლექსიკოგრაფიული, არამედ ენის ისტორიის თვალსაზრისითაც.
გურული დიალექტის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურისა და სალექსიკონო მასალების მონაცემთა გათვალისწინებით ნაშრომში ზოგი სიტყვაფორმის სტრუქტურულ-სემანტიკურ ვარიანტებს განვიხილავთ ქართული ენის სხვა კილოებთან მიმართებით. გამოვყოფთ როგორც სახელურ, ისე ზმნურ ფორმებსა და მათ სემანტიკურ ველში არსებულ სხვა ისეთ ლექსიკურ ერთეულებს, როგორიცაა, მაგალითად: ნუსხა > აღნუსხვა, მონუსხვა... მანანა > გამომანანება... ხლართი > დახლართვა... ნაფცქვენი > გაფცქვნა... ნარდი, ტიალი, ბრაზი, ეტლი, უნიაგაბო, ბუტია, გაზუთხული, ხიმენჯი/ხენჯი, დაზავება, შენელება, გამართვა, დამოწმება, უტიკტიკებს... აგრეთვე, სამეურნეო დანიშნულების ტერმინებს: ნაძირა/ე-ი, ნეკი, სასულე, ღილი, ხმალი. ამ სიტყვაფორმათაგან უმრავლესობა გურულში გვხვდება განსხვავებული მნიშვნელობით (ზოგჯერ სტრუქტურულადაც).
გურული დიალექტისთვის დამახასიათებელ სიტყვაფორმათა სტრუქტურულ-სემანტიკური ვარიანტების სალიტერატურო ენასა
და ქართული ენის სხვა კილოების მონაცემებთან შედარება-შეჯერება იძლევა საინტერესო სურათს, შედეგებს არა მარტო ეტიმოლოგიურლექსიკოგრაფიული, არამედ, ზოგადად, ენის განვითარების ისტორიის თვალსაზრისითაც.