ეპოქის მიკრომოდელი ოთარ ჩხეიძის „ბორიაყში“

ავტორები

  • ნესტან ფიფია ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9398

საკვანძო სიტყვები:

XX საუკუნის ქართული პროზა, ოთარ ჩხეიძის ნაწარმოები „ბორიაყი“, საბჭოთა რეჟიმის კრიტიკა

ანოტაცია

წარმოდგენილი კვლევა ეფუძნება ოთარ ჩხეიძის ცნობილ ნაწარმოებს „ბორიაყი“, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ფილმი „ახალგაზრდა
კომპოზიტორის მოგზაურობა“ (რეჟისორი – გიორგი შენგელაია). მწერალი საბჭოთა რეჟიმის რთულ პირობებში ქმნიდა მხატვრულ-დოკუმენტურ ნაწარმოებებს, 24 წიგნად რომ გამთლიანდა „მატიანე ქართლისაის“ რკალში. „ბორიაყში“ აისახა მხატვრული სივრცე კონკრეტული ეპოქისა. ,,ეს არის ნაწარმოების თავისავე კონტექსტში განთავსება. ლიტერატურულ ნაწარმოებში აისახება ნაწარმოების სულისკვეთება და სხვადასხვა სახის წინააღმდეგობანი“ (გაგა ლომიძე).
ო. ჩხეიძისათვის მიუღებელი იყო დისტანციის თეორია. მიზეზშედეგობრივი მთლიანობით ასხმულ მის ნაწარმოებს აქვს პოლიტიკური
კონტექსტი – ეს არის ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით 1924 წლის აჯანყების ამბები. აღწერილია წითელი რეჟიმის სისასტიკე,
რეპრესიები; როგორ არბევს სოფელს, გვარს ჯარი: „ვითომ რო ჯარი განმათავისუფლებელი, ვითომ რო მხსნელი, ვითომ რო მეგზური
სწორუპოვარი ბედნიერებისა“ (ოთარ ჩხეიძე). „ბორიაყის“ პერსონაჟების – იტრიელების პროტოტიპები მწერლის წინაპრები არიან. იტრიელი ძმების, ბიძების თითოეული ფრაზა იტევს ეპოქის ხასიათს, ისტორიულ სიბრძნეს, სტრატეგიას, იმედსა და უიმედობას. მათ მსჯელობაში, დამოუკიდებელი საქართველოსადმი საერთაშორისო გარემოს დამოკიდებულების წარმოჩენასთან ერთად, ხაზგასმულია ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის ემოციურ-პოლიტიკური არსი, „სიტკბო დაკარგული დამოუკიდებლობისა და სიმწარე აღრეულობისა“, ხელისუფლების სათავეში რომ არაჯანსაღი კოსმოპოლიტიზმის მქადაგებელნი მოექცნენ. მწერალი აქ ანონიმი მთხრობელი არ არის; მსჯელობს არგუმენტირებულად, გვარწმუნებს: „ილია მოჰკლეს და აირია ყველაფერი, იმიტომ მოჰკლეს, რომ არეულიყო. ბედი მოგვაწყდა და ალღო ვერ ავართვით და საბედისწეროდ გადაგვექცა“ (ო. ჩხეიძე).
„ბორიაყი“ იმ ეპოქის მიკრომოდელია, 1918 წლის 26 მაისის სიხარული რომ გადათელა 1921 წლის 25-მა თებერვალმა – მე-11 არმიამ თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალა. დამოუკიდებლობის გამოხსნის მიზნის 1924 წლის აჯანყებაც ჩაიფერფლა. დარჩა იმედი და მოლოდინი. ქვეყნის საშველად „დაძახების“ მოლოდინი. თითოეული პერსონაჟი მნიშვნელოვანი სიმბოლური სახეა დეკოდირების სისტემაში, დაწყებული არარსებული შეთქმულების თავკაცობადაბრალებული ნიკუშა ჩაჩანიძით მეურმით დამთავრებული, რომ ვერ გაუგია, რატომ აღმოჩნდა დასახვრეტთა შორის.

ნაწარმოების ნარატოლოგიურ მრავალფეროვნებაში მწერალი გულის კულტურით ამთლიანებს ფაბულასა და სიუჟეტს, თხრობასა და ისტორიას – ასე იძერწება დოკუმენტური რეალობა მხატვრულ ქმნილებად. სიუჟეტი დინამიკურია. ახალგაზრდა კომპოზიტორი ნიკუშა ჩაჩანიძე იმედის სიმბოლოდ სახლობს მთელ სიუჟეტში, იმედისა, რომ დღეს თუ ხვალ ბრძოლა განახლდება, ქვეყანა გათავისუფლდება ღვთის, ტრადიციისა და თვითმყოფადობის წინააღმდეგ მებრძოლი ძალისგან.
ტექსტის ანალიზისას ვიხელმძღვანელეთ ინტერპრეტაციის მეთოდით. კვლევა მნიშვნელოვანია მხატვრული ნაწარმოების ისტორიული
კონტექსტის გათვალისწინებით, მწერლის მისიის ხაზგასმით – საბჭოთა ცენზურის პირობებში წარმოაჩინოს ეპოქის ხასიათი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-30

გამოცემა

სექცია

სტატიები