ერთი ასპექტი ნოე ჟორდანიას პუბლიცისტიკიდან
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9399საკვანძო სიტყვები:
XX საუკუნის ქართული ლიტერატურული კრიტიკა, ნოე ჟორდანიას პუბლიცისტიკა, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძეანოტაცია
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ნოე ჟორდანიას მოსაზრება იმ პატარა, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან წერილზე, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ გამოაქვეყნა ჟურნალ „კვალში“ გიორგი წერეთლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ნიკო ნიკოლაძის წერილს გამოეხმაურა ნოე ჟორდანია, ფსევდონიმით პ. პეტრიძე, რომელმაც დაწვრილებით განიხილა პუბლიკაცია. ოპონენტი არ იზიარებდა ცნობილი ქართველი ჟურნალისტის ნააზრევს და მიაჩნდა, რომ ნ. ნიკოლაძემ გ. წერეთლის შემოქმედება სათანადოდ ვერ წარმოაჩინა და მხოლოდ ვიწრო კუთხურ ჭრილში შეაფასა. ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, მართალია, კონკრეტული წერილი დაიწუნა ნოე ჟორდანიამ, მაგრამ თვითონ ნიკო ნიკოლაძეს წარმოაჩენს ღირსეულ და მოსაბაძ პიროვნებად, რომელმაც 40 წელი უშურველად გაატარა ერისა და ქვეყნის სამსახურში.
ჩვენ ვერ დავეთანხმებით ნოე ჟორდანიას მოსაზრებას. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი ნიკო ნიკოლაძე შედარებით ლაკონურ, მაგრამ ფრიად სერიოზულსა და ობიექტურ შეფასებას აძლევს გიორგი წერეთლის შემოქმედებას, რომელიც მის თანამედროვეებს შორის ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს წარმოშობდა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გ, წერეთლის თანამედროვე კრიტიკოსთაგან ყველაზე უფრო რეალურ და ობიექტურ დასკვნას სწორედ ნ. ნიკოლაძე იძლევა და, ამასთან, მისი მოსაზრებები ძალიან ახლოს დგას გ. წერეთლის დიდი თანამედროვის – აკაკი წერეთლის ნააზრევთან.
გიორგი წერეთლის მხატვრულ ნაწარმოებში ასახული „კუდაბზიკობა“, ანუ ე.წ. „შემოდგომის აზნაურთა“ ნიშნების მატარებელი
პერსონაჟების კრიტიკულ-ლიტერატურული ანალიზი სწორედ ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის. როგორც ვიცით, მხატვრული სიტყვის სფეროში „კუდაბზიკობის“, როგორც სოციალურ-ისტორიული და ფსიქოლოგიური მოვლენის, მხატვრული ასახვა შემდგომ ისეთმა დიდმა ტალანტმა სრულყო, როგორიც დავით კლდიაშვილი იყო.

