თურქული ფრაზეოლოგიზმები გურული მამლუქის წიგნში „ახალი დიალოგები“

ავტორები

  • მირანდა ჭანკვეტაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9401

საკვანძო სიტყვები:

თურქული ფრაზეოლოგიზმი, თურქული ლექსიკა, იოსებ წილოსანი

ანოტაცია

ფრაზეოლოგიზმებს ხატოვან სიტყვა-თქმებს, იდიომებს ან ფიგურალურ გამოთქმებს უწოდებენ. ეს არის მყარი შესიტყვება, რომელიც
დამახასიათებელია ამა თუ იმ ენისათვის და მისი შემადგენელი სიტყვები ისე არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ მთელი ფრაზის მნიშვნელობა გაიგება.
ფრაზეოლოგიზმებს სხვადასხვა ენის ლექსიკურ სისტემაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის არა მარტო ამდიდრებს ამა თუ იმ
ენის ლექსიკას, არამედ აგრეთვე ასახავს ამა თუ იმ ერის კულტურულ სპეციფიკასაც.
თურქულ ენაში ფრაზეოლოგიზმი გამოხატულია ტერმინ „Deyim“-ით. XX საუკუნის 30-40-იან წლებამდე კი ხშირად გვხვდებოდა ტერმინი tabir „გამოთქმა“.
იოსებ წილოსანის წიგნი „ახალი დიალოგები“ მდიდარია გრამატიკული და ლექსიკური თვალსაზრისით. აღსანიშნავია წიგნში
მოყვანილი ფრაზეოლოგიზმების მრავალფეროვნებაც.
აღმოსავლეთმცოდნე იოსებ ლაზარევის ძე წილოსანს მაჰმადიანურ სამყაროში ალი-ამედ ეფენდად მოიხსენიებენ. ტრაგიკული ბედის მქონე გურული ბიჭი 1812 წელს 8 წლის ასაკში გაიტაცეს და თავდაპირველად ოსმალეთიდან ჩამოსულ დიდ ვაჭარს ჰასან-აღას, ხოლო შემდეგ კაიროში მუჰამედ-აღას მიჰყიდეს. სანამ მშობლიურ მიწას დაუბრუნდებოდა, გრძელი და რთული ცხოვრებისეული გზა განვლო. სამშობლოში დაბრუნებულმა იოსებმა კი სამეცნიერო საქმიანობას მიჰყო ხელი და მაშინდელი თბილისი აქცია აღმოსავლური ენების შემსწავლელ ერთგვარ ცენტრად. 1856 წელს გამოიცა რუსულ-ფრანგულ-თურქული სალაპარაკო ენის ლექსიკონი. წიგნის სრული სათაურია „ახალი დიალოგები რუსულ, ფრანგულ, თურქულ და თათრულ ენებზე, ბოლო ორი ენის კირილური ასოების ტრანსკრიფციით“ (Новые разговоры на Российском, Французском, Турецком и Татарском языках с Русским произношением двух последних). აღსანიშნავია, რომ ავტორი ტერმინს „Татарском“ წიგნში აზერბაიჯანულისთვის იყენებს. 630-გვერდიან ნაშრომში მოცემული დიალოგები ოთხ სვეტადაა დაყოფილი და გვხვდება შემდეგი თანმიმდევრობით: რუსული-ფრანგულითურქული-კირილური ასოებით ტრანსკრიფცია. ლექსიკონის ფორმატში მოცემული დიალოგები სხვადასხვა თემატიკასაა და ჯამში 130 სათაურია
გამოყოფილი. დიალოგებში გვხვდება როგორც ადამიანთა სულიერი განცდის ამსახველი, ასევე, ნუმერაციული ფრაზეოლოგიზმები:
Can çekişmek - სიტყვასიტყვით: „სიცოცხლესთან ბრძოლა“; can – „სიცოცხლე, სული“, çekişmek - „ბრძოლა“. „ტანჯვა, წამება. სულის ღაფვა“;
Can vermek - სიტყვასიტყვით: „სულის მიცემა“; can - „სიცოცხლე, სული“, vermek - „მიცემა“. „სულის განტევება“ - გარდაცვალება;
Başa çıkarmak - სიტყვასიტყვით: „თავში გაყვანა“; baş - „თავი“, çıkarmak
- „გაყვანა“. „საქმის ბოლომდე მიყვანა“ - დამთავრება;
Bir ayağı mezara koymak - სიტყვასიტყვით: „ერთი ფეხის სამარეში ჩადება“; bir - „ერთი“, ayak - „ფეხი“, mezar - „საფლავი, სამარე“, koymak- „ჩადება“. „ცალი ფეხი სამარეში უდგას“ - სიკვდილის პირასაა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-30

გამოცემა

სექცია

სტატიები