იაკობ გოგებაშვილი გურიის შესახებ (მისივე წიგნის -„ბუნების კარის“ მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9402საკვანძო სიტყვები:
იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“, გურიის აღწერაანოტაცია
შეუფასებელია ქართველი პედაგოგის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, იაკობ გოგებაშვილის (1840-1912) ღვაწლი ქართველი ერის
წინაშე. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მრავალი თაობის განათლებისა და განვითარების საქმეში. იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოები დიდხანს გამოიყენებოდა ქართულ სასკოლო განათლებაში. ერთ-ერთი მათგანია „ბუნების კარი“ (1868).
იაკობ გოგებაშვილს მნიშვნელოვნად მიაჩნდა საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლა. „ბუნების კარში“ საქართველოს
მხარეები სათითაოდ არის აღწერილი (საზღვრები, რელიეფი, წყლები, მნიშვნელოვანი ქალაქები და სოფლები, ეკლესია-მონასტრები, სასწავლო დაწესებულებები, მცხოვრებთა ხასიათი და ზნე-ჩვეულებები).
ჩემი კვლევის მიზანია, ვაჩვენოთ, როგორია იაკობ გოგებაშვილის თვალით დანახული საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხე –
გურია, მისი თავისებურება და კოლორიტი, მისი ფუნქცია საქართველოს კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
კვლევის მთავარი წყაროა იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო „ბუნების კარი“, ასევე, დიმიტრი ყიფიანის მემუარები, ქველი
ჩხატარაიშვილის ნაშრომი „გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან“, თამარ პაპავას წიგნი „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“. კვლევისას გამოყენებულია ბიოგრაფიული და ისტორიულ-კულტურული მეთოდები.
იაკობ გოგებაშვილის გადმოცემით, გურია მე-19 საუკუნეში იყო „ქუთაისის გუბერნიის ერთი მცირე – ოზურგეთის მაზრა“ 100 000
მცხოვრებით. გურულები მეტწილად სოფლად ცხოვრობდნენ. ისინი მიწათმოქმედები იყვნენ, მესაქონლეობას არ მისდევდნენ საძოვრების არარსებობის გამო. მათი მთავარი საზრდო იყო ღომი და სიმინდი. პურს მხოლოდ მცირე რაოდენობით თესავდნენ რიონის მხარეს.
იაკობ გოგებაშვილი მოგვითხრობს გურიაში ვაზის გაშენების თავისებურებაზე. აქ ვაზი მაღალ ხეებზე, მეტწილად თხმელაზე (მურყანზე) იყო გაბმული. მიუხედავად იმისა, რომ ის ბუნებრივად იყო მიშვებული, ზოგიერთ ადგილას შესანიშნავ ღვინოს აყენებდნენ.
იაკობ გოგებაშვილი, ასევე, გვაცნობს გურულების საცხოვრისს, ჩაცმულობას, ცხოვრების წესს, ხასიათის თვისებებს, მათს განსაკუთრებულ მისწრაფებას განათლებისადმი.
„ბუნების კარში“ გურია და გურულები საინტერესოდ და ემოციურად არიან აღწერილნი. აქ მოყვანილი ფაქტები ზუსტი და უტყუარია. მათ ახლა ისტორიული წყაროს მნიშვნელობა აქვთ. „ბუნების კარი“ არის სახელმძღვანელო, რომელმაც მომავალ თაობათა განათლებასა და ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა.