ISSN 1987-9288
E-ISSN 2720-8311
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა საქართველოს ერთ- ერთი უძველესი წიგნსაცავია. იგი ფლობს მილიონ -ნახევარზე მეტ საბიბლიოთეკო დოკუმენტს: წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, CD-DVD კოლექციებს. ფონდში დაცულია როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი ლიტერატურა. ბიბლიოთეკის სიმდიდრეა უნიკალური და იშვიათი გამოცემები, რაც ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს.
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა 1873 წელს დააარსა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ანტონ ლორთქიფანიძემ.
1930 წელს ბიბლიოთეკას ქუთაისის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა ეწოდა. შენობა, რომელშიც დღეს ბიბლიოთეკა არის განთავსებული, მას 1934 წელს გადაეცა.
1957 წელს ქუთაისის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკას დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის, სახელი მიეკუთვნა. 1974 წელს ქუთაისში, საჯარო ბიბლიოთეკის ბაზაზე, განხორციელდა ქალაქის ბიბლიოთეკების ცენტრალიზაცია. დღემდე ყველა საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკა სტრუქტურულად ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას ექვემდებარება.
დღეისთვის ქუთაისში მოქმედებს ქალაქის თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა 12 ფილიალით: 10 საქალაქო და 2 საბავშვო, ასევე ბიბლიოთეკასთან არსებობს ანდრია სინაურის სახელობის ლიტერატურული სახლი და ამერიკული კუთხე, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით დაფუძნდა 2012 წელს. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა არის სამხარეო- საკოორდინაციო მეთოდური ცენტრი; ამდენად, იგი უფლებამოსილი და ვალდებულია, მეთოდური დახმარება გაუწიოს იმერეთის რეგიონისა და ქალაქის ყველა უწყებისა და ტიპის ბიბლიოთეკებს. სხვადასხვა დროს ტარდებოდა გარკვეული ღონისძიებები სტრუქტურის სრულყოფის თვალსაზრისით. ამჟამად ბიბლიოთეკაში 17 განყოფილება მოქმედებს.
ბიბლიოთეკა ემსახურება მკითხველთა ყველა კატეგორიას. სამეცნიერო მუშაობა წარმოადგენს ბიბლიოთეკის საქმიანობის მთავარ პრიორიტეტს. ამიტომ ბიბლიოთეკაში დაფუძნდა სამეცნიერო საბჭო, რომელშიც გაერთიანებული არიან არა მარტო ბიბლიოთეკის თანამშრომლები, არამედ ქალაქის სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენლები. საბჭოს უმთავრესი ფუნქციაა, განსაზღვროს ბიბლიოთეკის სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებები. ფონდებისა და თავად ბიბლიოთეკის სიძველის მიუხედავად, დღეს თანამედროვე ბიბლიოთეკაზე საუბარი შეუძლებელია ელექტრონული რესურსების გარეშე. ამიტომ ბიბლიოთეკა გამუდმებით ცდილობს, გამოიყენოს ყველა საშუალება ელექტრონული რესურსების გასავითარებლად. ამისათვის, იგი არა მხოლოდ იძენს ელექტრონულ საინფორმაციო ბაზებს, არამედ თვიოთონაც ქმნის.
ბიბლიოთეკა სამართლიანად ამაყობს უნიკალური და იშვიათი გამოცემების ფონდით. მათ შორის აღსანიშნავია: 1498 წელს გამოცემული ინკუნაბულა დომიციუს კალდერონის ,,მარციალისის ორიოდე კომენტარისათვის“; დიონისე ლამბინის ,,ჰორაციუსი“ (1595 წ.); ,,სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა“ (1828 წ.) და სხვა მრავალი.
ბიბლიოთეკა არის საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და საქართველოს ბიბლიოთეკების კონსორციუმის წევრი.