სოლომონ I -ის ბრძოლა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.15.2023.8050საკვანძო სიტყვები:
დასავლეთ საქართველო XVIII საუკუნეში, სოლომონ I-ის მოღვაწეობა, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობაანოტაცია
საქართველოს დამოუკიდებლობისა და გაძლიერებისათვის მოღვაწე მონარქთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს იმერეთის „აღმაშენებლად“ წოდებულ სოლომონ I-ს. ურთულეს საერთაშორისო და საშინაო-პოლიტიკურ ვითარებაში მოუწია ახალგაზრდა სოლომონს ხელისუფლებაში მოსვლა. ოსმალეთის ჰეგემონობა და „ტყვის სყიდვა“, მსხვილ ფეოდალთა თვითნებობა და ღალატი, დასუსტებული ეკლესია, დაცემული ეკონომიკა და კულტურა – აი პრობლემათა ზოგადი ჩამონათვალი, რომელიც მთელი სიმწვავით იდგა სოლომონის წინაშე. თვით უახლოესი ადამიანები: დედა, ბაბუა, ბიძებიც კი მის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ამიტომაც სოლომონს ზოგჯერ არცთუ პოპულარული ნაბიჯების გადადგმა უხდებოდა.
სოლომონ I-ს ფართო მასშტაბის სამოქმედო გეგმა ჰქონდა: ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლების შექმნა, დასავლეთ საქართველოს გაერთიანება და მისი ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლება. სამ ათეულ წელზე მეტხანს სოლომონი თავდაუზოგავად იბრძოდა დასახული მიზნის მისაღწევად, ჰქონდა დიდი წარმატებებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, რთულმა და წინააღმდეგობრივმა საერთაშორისო ვითარებამ მწვავე შიდა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა სოლომონ I-ის დიადი გეგმების სრულად განხორციელება შეუძლებელი გახადა.