გურული დიალექტური ლექსიკა ზურაბ გორგილაძის პოეზიაში
DOI:
https://doi.org/10.61491/yk.16.2024.9403საკვანძო სიტყვები:
გურული დიალექტი, ზურაბ გორგილაძის პოეზია, გურული ლექსიკაანოტაცია
წინამდებარე კვლევა შეისწავლის გურული დიალექტური ლექსიკის გამოყენების თავისებურებებს თანამედროვე ქართველი პოეტის,
ზურაბ გორგილაძის შემოქმედებაში. კვლევის მიზანია გააანალიზოს დიალექტიზმების როლი პოეტის მხატვრული ენის ფორმირებაში და მათი მნიშვნელობა ქართული ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრების თვალსაზრისით.
ნაშრომში დეტალურადაა გაანალიზებული ისეთი გურული დიალექტიზმები, როგორებიცაა: ორწოხები, ლაფარო, კვენდღი, ბღეზი,
დვრინი, კატარი და ფუშტი. ეტიმოლოგიური კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ამ დიალექტიზმების უმეტესობა უკავშირდება ძველ ქართულ ან საერთო ქართველურ ძირებს. კვლევამ აჩვენა, რომ ზ. გორგილაძე დიალექტურ ლექსიკას იყენებს არა მხოლოდ როგორც სტილისტურ ხერხს, არამედ როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. პოეტი ახერხებს დიალექტიზმების ინტეგრირებას რთულ პოეტურ სახეებში, სადაც ისინი ხშირად გვევლინებიან ლექსის საკვანძო ელემენტებად და აძლიერებენ ემოციურ ზემოქმედებას. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია როგორც თანამედროვე ქართული პოეზიის კვლევისთვის, ისე დიალექტოლოგიისა და ლექსიკოლოგიის განვითარებისთვის.